16 იანვარს „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები “პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფ პაციენტთა და აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სოციალური, სამედიცინო და სამართლებრივი მდგომარეობის სოციოლოგიური შესწავლა”. კვლევა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ჩატარდა.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პაციენტთა უფლებრივ მდგომარეობაზე. კვლევა შეისწავლის, თუ რამდენად არის დაცული პაციენტთა კონფიდენციალობის და ინფორმირებული თანხმობის პრინციპები, რამდენად ხელმისაწვდომია ადეკვატური სამედიცინო მომსახურება მოქალაქეებისთვის და სხვა საკითხებს.
იაგო კაჭკაჭიშვილი, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” წარმომადგენელი: „კვლევა ჩატარდა თბილისში, გორში, ქუთაისში და ბათუმში. ეს კვლევა არის უნიკალური. არ მახსენდება სხვა კვლევა, რომელიც ამ თემაზე ჩატარებულა. როგორც მოგეხსენებათ, სამიზნე ჯგუფი იყო ორი: პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტები, ძირითადად ონკოლოგიური პაციენტები და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტები. მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენთან ითანამშრომლეს და პაციენტებს დაგვაკავშირეს, რადგან ანონიმურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით ამ სამიზნე ჯგუფებთან დაკავშირება საკმაოდ რთულია”.
კვლევის სამიზნე ჯგუფებად აივ/შიდსით ინფიცირებულები და პალიატიური მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტები იმ მოტივით შეირჩნენ, რომ მათ ყველაზე ხანგრძლივი და ხშირი შეხება აქვთ სამედიცინო დაწესებულებებთან.
„ეს კვლევა დაგვეხმარება, რომ კარგად დავინახოთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები ადამიანის უფლებების მხრივ. საშუალებას მოგცემს გავაანალიზოთ, თუ რა მიმართულებით უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მუშაობა პაციენტთა უფლებების დაცვის სფეროში. პალიატიური და შიდსით დაავადებული პაციენტები ავირჩიეთ იმის გამო, რომ ისინი ყველაზე ხშირად სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით და ამ ჯგუფებთან მიმართებაში აქტუალურია სტიგმის პრობლემა.”-ამბობს ნინო კიკნაძე, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” წარმომადგენელი.
კვლევის პირველი ნაწილი შეისწავლის პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირების უფლებების მდგომარეობას და შინაარსობრივი თვალსაზრისით, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს: ა) პალიატიური პაციენტების (ან მათი მეურვეების) ინფორმირებულობა პალიატიური ზრუნვის სპეციფიკის, მათი უფლებებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების შესახებ; ბ) პაციენტის უფლებრივი მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებებთან და მედპერსონალთან მიმართებაში; გ) საზოგადოების დამოკიდებულება პალიატიური პაციენტების მიმართ, სხვადასხვა რესურსის ხელმისაწვდომობა და სხვა.
კვლევის მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციის და ადეკვატური მკურნალობის ხელმისაწვდომობის საკითხებზე, ასევე აივინფიცირებულთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის გამოვლენაზე, რომელიც აივინფიცირებულთა უფლებების სხვა დარღვევებს წარმოშობს.
კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ:
• პალიატიურ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პაციენტები ძირითადად საშუალო ასაკის მოსახლეობას შეადგენენ;
• უკურნებელი სენით შეპყრობილი პაციენტებისათვის პალიატიური მზრუნველობა ძირითადად ბინაზე ხორციელდება;
• არსებობს პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ინფორმირებულობის პრობლემა.
აივ/შიდსით ინფიცირებულთა შემთხვევაში შეინიშნება შემდეგი ტენდენციები:
• შიდსზე ანალიზის გაკეთების გადაწყვეტილება ნახევარზე მეტ შემთხვევაში ექიმის რჩევით ხდება (59.5%);
• ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აივ/შიდსის დიაგნოსტიკა დროულად ხორციელდება;
• კვლევის შერჩევაში მოხვედრილ პაციენტთა ძირითად ნაწილს სერიოზული მკურნალობა, ჯერჯერობით, არ დასჭირვებია – 45.7% მკურნალობს საავადმყოფოში დაწოლის გარეშე, ხოლო 14%, ამ ეტაპზე, საერთოდ არ საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას. ის, ვისაც საავადმყოფოში დაწოლა უწევს, დაავადების მესამე სტადიაზე იმყოფება.
• არსებობს შემთხვევები, როდესაც ექიმი უარს აცხადებს აივ/შიდსით ინფიცირებულის მკურნალობაზე ან არ იცავს უსაფრთხოების წესებს. შედეგად, სახეზე გვაქვს კანონმდებლობის უგულვებელყოფა, როგორც აივ/შიდსით ინფიცირებულთა უფლებებთან, ასევე მოვალეობებთან მიმართებაში, რისი გამოსწორებაც საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესებით არის შესაძლებელი.
• აივ/შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობის პროცესში პაციენტების ოჯახის წევრთა ჩართულობა დაბალია (11.7%);
ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, შიდსის საწინააღმდეგო მკურნალობისას გარკვეული პრობლემები არსებობს: რესპონდენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ ხელი არ მიუწვდებათ ამ თუ იმ სერვისზე (18%, ანუ 72 რესპონდენტი). მოცემული ჯგუფიდან უმრავლესობა (64 რესპონდენტი) აღნიშნავს, რომ მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო მხოლოდ ერთი სერვისი- ფსიქოლოგის მომსახურება. ონკოლოგიური პაციენტების 22.3% ამბობს, რომ ქიმიო და სხივური თერაპია მათთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ნახეთ ანგარიში სრულად ინგლისურ და ქართულ ენაზე.