ჟურნალი “ტაბულა”, რუბრიკა: კულტურა
ავტორი: ქეთო გიორგობიანი
21 თებერვალი 2012, 14:42
15 თებერვალს, საგამოფენო სივრცეში „Open Gallery” ახალი ექსპოზიცია გამოიფინა. ავტორები ახალგაზრდა ქართველი არქიტექტორები არიან და ეს გამოფენა ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც არქიტექტურული პროექტები ჩვენს სინამდვილეში არა კომერციული მიზნით, არამედ მხოლოდ იდეის გადმოსაცემად იფინება.
დიმიტრი ერისთავის, ლადო შონიასა და ლევან აბრამიშვილის ნახაზები ჩანასახშივე უტოპიური პროექტებია, რომელთა განხორციელება არც ახლა და არც მომავალში იგეგმება. ექსპოზიცია, რომელსაც ავტორები „არქიტექტურაში გამოკვეთილი დღევანდელი ტენდენციების მიმართ ერთგვარ პროტესტად” ახასიათებენ, არაპროფესიონალი თვალისათვის, ერთი შეხედვით, ოდნავ რთულად აღსაქმელი, თუმცა საკმაოდ ეფექტურია.
გამოფენის გახსნის შემდეგ ტაბულა ავტორებს – ლადო შონიასა და დიმიტრი ერისთავს ესაუბრა.
საქართველოში არქიტექტურული გამოფენები ხშირად არ ეწყობა, მით უმეტეს, როდესაც პროექტების შექმნის მიზანი
მათი განხორციელება არ არის; საიდან მოგივიდათ მსგავსი გამოფენის იდეა?
ლადო: მართალია, ძირითადად მხოლოდ კონკურსზე გასული პროექტების გამოფენები თუ ეწყობა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ დიმიტრიმ იპოვა საგამოფენო სივრცე. ამის შემდეგ დავიწყეთ იდეასა და კონცეფციაზე ფიქრი. უბრალოდ ჩვენი პროექტების გამოფენა ნაკლებად საინტერესოდ მივიჩნიეთ. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს გარკვეული სივრცე, საჭიროება ამ სივრცის დატვირთვისა და შემდეგ უკვე არქიტექტურული გადაწყვეტის სხვადასხვა ხერხი. ვეცადეთ, მხოლოდ არქიტექტორებისათვის საინტერესო ექსპოზიცია არ შეგვექმნა. დიდი გავლენა იქონია ჩვენზე ერთ-ერთი იტალიური არქიტექტურული ჯგუფის, „სუპერ-სტუდიო”-ს მსგავსმა პროექტმა, რომელზეც მუშაობა თითქმის 10 წლის მანძილზე მიმდინარეობდა.
დიმიტრი: ეს ჯგუფი ატარებდა სოციოლოგიურ კვლევებს და შემდეგ არქიტექტურული ენით გადმოსცემდა იმ პრობლემატიკას, რომელსაც სოციუმში აწყდებოდა. ჩვენც, მიახლოვებით, იმავეს გაკეთებას შევეცადეთ.
მთელი ექსპოზიცია ჩვენი ყოველდღიური ყოფის ანარეკლია. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება არქიტექტურული პრობლემატიკის მიმართ, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში აქტუალურია. განსაკუთრებულად ახალი აზრის გამოთქმის მცდელობა არ გვქონია, ამ თემაზე მრავალი მოაზროვნის ნაშრომი არსებობს, ჩვენ მათი ნააზრევის ერთგვარი ინტერპრეტაცია გავაკეთეთ.
– დამთვალიერებელთა უმრავლესობას ექსპოზიციის გასააზრებლად გარკვეული დრო დასჭირდა. ეს თქვენი მიზანი იყო, თუ გარკვეული დეტალების გაუთვალისწინებლობის შედეგი?
ლადო: ვიცით, რომ ტექსტუალური ინფორმაცია მწირი იყო, მაგრამ გამოფენაზე დიდი ტექსტის გამოყენება საჭიროდ არ მივიჩნიეთ, მაშინ პრესკონფერენციას მოვაწყობდით. ის, რომ დამთვალიერებელმა ზოგიერთ ჩვენს იდეას საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთა, სასურველ შედეგად მიმაჩნია; გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი ნახაზები და თანდართული ტექსტები თითქოს სპეციალურად გართულებულ ენად მიიჩნია. ჩვენი მიზანი უბრალოდ მათთვის საკუთარი ხედვის განვითარებისთვის სივრცის დატოვება იყო.
არ ვიცი, რამდენად აღიქვა დამთვალიერებელმა, რომ ეს ექსპოზიცია გარკვეული ტენდენციების მიმართ პროტესტი იყო. პროტესტი, რომელიც აბსურდის ენით გადმოვეცით. პრობლემებზე პირდაპირ საუბარს სათქმელის პოეტურად გამოხატვა ვამჯობინეთ. წარმოვიდგინეთ ერთგვარი ტოტალიტარული სივრცე, სადაც, შესაძლოა, დიქტატორებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. სრულიად უტოპიური პროექტები, რომლებიც დამთვალიერებლისათვის ნაცნობ, საყვარელ სივრცეში, ერთგვარ „წმინდა ტერიტორიაზე” იჭრება, თუნდაც ჩვენი ქალაქის ურბანულ პეიზაჟში. ამ დროს იბადება ლოგიკური ემოცია – ამ წმინდა ადგილის გაუფასურებისა. მთავარი
პრობლემაც სწორედ ესაა: დღევანდელი არქიტექტურა უფრო ვიზუალურ ეფექტზეა დამყარებული, ვიდრე არსზე. ნაკლებადაა გათვალისწინებული, როგორ შეეწყობა შენობა იმ გარემოს, რომელშიც იდგმება; ან როგორ იგრძნობს იქ ადამიანი თავს.
დიმიტრი: უხეშად რომ ვთქვათ, თითოეული პროექტი ყოფაში არსებული სიტუაციის ექსტრემალური, გამძაფრებული გამოხატულებაა. ამ ხერხით გვინდოდა გვეჩვენებინა, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ხსენებული ტენდენციების მომავალში განვითარებამ.
– ამ იდეის რაიმე სახით გაგრძელებას თუ გეგმავთ?
ლადო: შემდგომი გამოფენის გაკეთებაზე ჯერ არ გვიფიქრია, თუმცა გვაქვს იდეა, რომ ჩვენი ნამუშევრები ბუკლეტის სახით გამოვცეთ. ცხადია, ნამუშევრებიც კიდევ უფრო დაიხვეწება; ალბათ, არაპროფესიონალური თვალისათვისაც უფრო მარტივად აღსაქმელი გახდება. ბუკლეტის გაკეთების შემთხვევაში, უკვე რამდენიმე ხელოვნებათმცოდნეც შემოგვიერთდება. ასევე ვგეგმავთ ერთგვარი პერსონაჟის შემოყვანას, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილ სივრცეში იტრიალებს. ამ იდეის განხორციელება გამოფენისთვისაც იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო აღარ მოხერხდა.