აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის საარჩევნო ქვეჯგუფის განცხადება

28.09.2012

 

აღმოსავლეთის პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის

საარჩევნო ქვეჯგუფის განცხადება

 

28 სექტემბერი, 2012

 

საქართველოს ეროვნულმა პლატფორმამ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია საარჩევნო პროცესების გამოწვევებთან დაკავშირებით. ეროვნული პლატფორმის მიერ მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გამართული კონფერენციის ფარგლებში მიღებულ განცხადებაში გამოთქმული იყო შეშფოთება საარჩევნო პროცესისათვის მახასიათებელი მზარდი პოლარიზაციის და დაძაბულობის  გამო, რისი განმუხტვაც სხვადასხვა სუბიექტების, განსაკუთრებით კი ხელისუფლების პასუხისმგებლობას  უკავშირდება. სამწუხაროდ, არჩევნების დღემდე დარჩენილ პერიოდში  კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება, გაუარესდა მთლიანად საარჩევნო გარემო, რამაც დემოკრატიული წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანი პროგრამული კამპანიის და დებატებისათვის სივრცის შეზღუდვა გამოიწვია.

ამ თვალსაზრისით,  ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს:

1.      უკანასკნელი დღეების განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების დაკავების და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების ათეულობით ფაქტი. აღსანიშნავია, რომ აქტივისტთა უმრავლესობა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან არის დაკავშირებული.

2.      პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის მზარდი დაძაბულობა, რაც ხშირად ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდის. განსაკუთრებით საგანგაშოა, რიგ შემთხვევებში, ამგვარ ქმედებებში სახელმწიფო ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობა, ხოლო ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, მათი ინერტულობა ამგვარი ფაქტების პრევენციის, განმუხტვის და აღკვეთის თვალსაზირისით.

3.      ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს მიღებული დადგენილება, რომელმაც საარჩევნო კოდექსში მოცემული ნორმის შეუსაბამო დამატებითი რეგულაციები დააწესა,  რაც გაუმართლებლად ზღუდავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში ფოტო-ვიდეო გადაღების შესაძებლობებს,  ართულებს მედიისა და სადამკვიორვებლო მისიების საქმიანობას და მნიშვნელოვნად ამცირებს არჩევნების გამჭირვალობის ხარისხს. მიუხედავად არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მოთხოვნისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება არ გააუქმა და სასამართლომ არ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაბამისი სარჩელი.

4.      საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა მედიის საშუალებით წამების კონკრეტული ფაქტების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებით და რასაც მოჰყვა საზოგადოების ლეგიტიმური აღშფოთება.

ეროვნული პლატფორმა მოითხოვს ამ ფაქტების მიუკერძოებელ და საფუძვლიან გამოძიებას და ყველა იმ პირის პოლიტიკურ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მიუხედავად თანამდებობრივი პოზიციისა, ვინც პენიტენციალურ სისტემაში ამ პრაქტიკის დანერგვას, გამოყენებას, აღსრულებასა თუ დაფარვას ახორციელებდა.

ხელისუფლების მიერ დღემდე გადადგმული ნაბიჯები არასაკმარისია და ვერ ჩაითვლება ადეკვატურ რეაგირებად, რაც კიდევ უფრო ამწვავებს წინასაარჩევნოდ არსებულ დაძაბულობას და საზოგადოებრივ მღელვარებას.

სრულფასოვანი გამოძიების დაწყებასთან ერთად, აუცილებელია გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის განვითარება, როგორც პენიტენციალურ, ასევე მთლიანად სისხლის სამართლებრივი მართლმსაჯულების სისტემასა და ძალოვან სტრუქურებში ადამიანის უფლებების დარღვევის და ძალადობის პრატიკის პრევენციისათვის. ეროვნული პლატფორმა აცხადებს მზადყოფნას მონაწილეობა მიიღოს ამ სისტემების სამოქალაქო მონიტორინგის პროცესში და ამით ხელი შეუწყოს, ძირეულ რეფორმებს დემოკრატიულ სტანდარტებთან და ევროპულ პრაქტიკასთან თავსებადობაში. ეროვნული პლატფორმა ასევე აღნიშნავს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დაკომპლექტებული საკანონმდებლო ორგანოს  როლს, როგორც საგამოძიებო, ისე მონიტორინგის პროცესებში.

5.       ბოლო პერიოდში, პოლიტიკური კონკურენციის არაჯანსაღი  მეთოდების გამოყენების განსაკუთრებით გახშირებული ფაქტები, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების მაკომპორომეტირებელი ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, რაც რიგ შემთხვევებში, სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების ჩართვას უკავშირდება. აღნიშნული ტენდენცია ქმნის არაჯანსაღ გარემოს, ამწვავებს პოლარიზაციას, ზრდის საზოგადოებრივი დაპირისპირების საფრთხეს, უარყოფით გავლენას ახდენს როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებზე და შესაბამისად, უფრო მეტად ძაბავს საარჩევნო პროცესს.

6.      მიუხედავად სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოქალაქეების არაერთგზის მოთხოვნისა, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო სამართლებრივი მექანიზმებით მრავალფეროვან ინფორმაციაზე განგრძობითი ხელმისაწვდომობა არჩევნების შემდგომ პერიოდში, მათ შორის must carry/must offer რეგულაციების გაგრძელება საკანონმდებლო ცვლილებებით და კერძო ტელეკომპანიის სატელიტური ანტენების გავრცელება, მიუხედავად უწყებათშორისი კომისიის მიერ გამოხატული პოზიციისა. 

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული პლატფორმა მოუწოდებს არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და არჩევნების შემდგომ:

  • ხელისუფლებას, სამართლიანად და ობიექტურად განიხილოს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საკითხი და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს შემდგომში ამ ტიპის ზომების გატარებას.
  • საარჩევნო სუბიექტებს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, საკუთარი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებიდან გამორიცხონ ნებისმიერი კანონსაწინააღდეგო და ძალადობრივი ქმედება.
  • ხელისუფლებას, უზრუნველყოს არჩევნების დღეს პროცესის მშვიდობიანად, გამჭვირვალედ და კანონის ჩარჩოებში წარმართვა, რაც წარმოადგენს არჩევნების შემდგომ პერიოდში სტაბილური და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს არსებობის უპირობო გარანტს.
  • ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მასზე დაქვემდებარებულ საარჩევნო ადმინისტრაციას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ წარმართვა არჩევნების დღეს და ხელი არ შეუშალოს კომისიის წევრების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების და მედიის ჩართულობას.
  • მასმედიის წარმომადგენლებს საარჩევნო პროცესების, განსაკუთრებით, კი არჩევნების დღის გაშუქებისას, იხელმძღვანელონ ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის ნორმებით.
  • ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ეგზიტ პოლების (Exit Polls) განხორციელებაში ჩართულ სუბიექტებს, საარჩევნო გარემოს თავისებურებების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობისა და ობიექტურობის მაღალი დონით განახორციელონ საკუთარი უფლებები და აქტივობები.
  • ხელისუფლებას, უზრუნველყოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული დავების სამართლიანი და მიუკერძოებელი განხილვა.
  • საკაბელო ოპერატორებს, უზრუნველყონ must carry-ის პრინციპით გათვალისწინებული საერთო მაუწყებლების ტრანსლირება არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში, გამოეხმაურონ ტელეკომპანიების (მაესტრო, კავკასია, მე-9 არხი) შესაბამის შეთავაზებას ტრანსლირების უსასყიდლო გაგრძელების შესახებ და ამით, დააკმაყოფილონ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება მზად არის რეაგირება მოახდინოს ამ პრინციპის ხელისშეშლის შემთხვევებზე, ასეთის არსებობისას.