აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები უკრაინის მოვლენების ფონზე

13.03.2014

12 მარტს ფონდმა „ღია საზოგადოება-საქართველო” უმაპინძლა უკრაინელ ექსპერტს, ფრანკფურტის უნივერსიტეტის მკვლევარს ირინა სოლონენკოს, რომელიც არის თანაავტორი შრომისა „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის ინდექსი 2013″.

კვლევა 2012 და 2013 წლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში – საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბელორუსში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარდა და წლიდან წლამდე თითოეული ქვეყნის ამა თუ იმ მონაცემის შედარების შესაძლებლობას იძლევა.  

კვლევის მიზანი აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში აღებული ვალდებულებებისა და ჩატარებული რეფორმების ეფექტურობის შეფასებაა. კვლევამ აჩვენა, რომ ექვს ქვეყანას შორის საქართველო მეორე ადგილზეა უკრაინის შემდეგ. 

ირინა სოლონენკომ ქართველ კოლეგებთან ერთად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალი პერსპექტივებს შესახებ.

ირინა სოლონენკოსთან ერთად თბილისში ჩამოვიდა უკრაინის საერთაშორისო რენესანსის ფონდის წარმომადგენელი დმიტრუ შულგა. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო უკრაინაში მიმდინარე პროცესები და ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას.

დისკუსიაზე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ:

თამარ პატარაია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი;

მანანა ქოჩლაძე, მწვანე ალტერნატივა;

კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ცენტრი;

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;

თამარ ხიდაშელი, სახალხო დამცველის ოფისი;

მარიამ გაბედავა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი.

დისკუსიის მოდერატორი იყო ფონდის ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.