2011 წლის 8 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ორგანიზაციამ ,,ჟურნალისტები მომავლისათვის-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა” წარმოადგინა ახალი ინგლისურენოვანი საინფორმაციო ვებგვერდი Democracy and Freedom Watch. ეს ონლაინ გამოცემა, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით შეიქმნა, არის დაბალანსებული და გადამოწმებული ონფორმაციის წყარო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოში ადამიანის უფლებებით, საკანონმდებლო ინიციატივებით და საარჩევნო გარემოთი დაინტერესებული უცხოელი მკვლევარების, საერთაშორისო მედიიისა და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებისთვის.
ვებგვერდის მიზანია დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა, საზოგადოებრივი პლატფორმების შექმნა და ინგლისურენოვანი მკითხველისთვის მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება. ვებგვერდზე განთავსებულია ანალიტიკური მოსაზრებები და ახალი ამბები ასამდე თემაზე: ადამიანის სოციალურ უფლებებზე, დარღვევებზე პენიტენციალურ სისტემაში, დევნილებთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე… სხვადასხვა დარგის ექსპერტები შემოგვთავაზებენ კანონმდებლობის, პარლამენტში მიმდინარე პროცესების ანალიზს, შეეხებიან პოლიტიკური ბალანსის საკითხებს.
პროექტის ავტორი ლაშა ტუღუში: “ეს ვებგვერდი არის პლატფორმა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთაც ბევრი რამ აქვთ სათქმელი. ჩვენ ვფიქრობთ, შევავსოთ ის ვაკუუმი რაც დღეს არსებობს, ვაკუუმი მოსაზრებების, ანალიზის, ინფორმაციის. უცხოელ ექსპერტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საუბრისას ვხვდები, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქართველოს შესახებ სწორი ინფორმაციის დეფიციტია, რაც სწორი ანალიზის გაკეთებას ხელს უშლის. ვფიქრობ, ჩვენი ვებგვერდი ინფორმაციის სანდო ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს”.