განცხადება ”მედიაპალიტრაში” შემოსავლების სამსახურის საქმიანობის შესახებ

10 ივნ, 2011

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის” ყურადღებით ადევნებს თვალს „მედიაპალიტრაში” მიმდინარე აუდიტს. რასაკვირველია, შემოსავლების სამსახურს აქვს უფლება შეამოწმოს გადასახადის გადამხდელი ნებისმიერი პირი, მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჰოლდინგის 4 საწარმოში ერთდორულად მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, ხოლო 6 საწარმოში კი დაგეგმილია ფინანსური შემოწმება. საშემოსავლო სამსახურის საქმიანობამ “მედიაპალიტრაში” უკვე შეაფერხა ჟურნალ-გაზეთების გავრცელება.

გარდა ამისა, მიმდინარე შემოწმება შესაძლოა გამოყენებული იქნას მედია ჰოლდინგზე ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად მისი სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვის მიზნით.

„მედიაპალიტრა” ერთ-ერთი დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული ჰოლდინგია ქართულ მედიაბაზარზე. მასში შედის რამდენიმე გაზეთი და ჟურნალი, პრესის სადისტრიბუციო კომპანია, რადიოარხი, ახალი ამბების სააგენტო და ინტერნეტტელევიზია. „მედიაპალიტრა” საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მინიმალური დახმარებით თითქმის 20 წელია ინარჩუნებს და იბრძვის სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის.

კოალიციის აზრით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული შემოწმება შესაძლოა უკავშირდებოდეს “პალიტრის” მიერ 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის გაშუქებას. “პალიტრის” რამდენიმე ჟურნალისტს ხელი შეუშალეს 26 მაისის მოვლენების გაშუქებაში. „ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა ერთ-ერთი იმ ჟურნალისტთაგანია, რომელიც 26-ში ღამით დააკავეს. პოლიციამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჰოლდინგის ჟურნალისტს – დარეჯან პაატაშვილს, კამერა ჩამოართვეს ოპერატორ ავთანდილ სურმავას. ამ და სხვა ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის გამოძიებას კოალიცია დაჟინებით მოითხოვს.

იმედი გვაქვს, რომ მედიაჰოლდინგში მიმდინარე საინსპექციო პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება და არ აღმოჩნდება კავშირში “მედიაპალიტრის” მიერ ამ მოვლენების გაშუქებასთან. კოალიცია რეგულარულ მონიტორინგს გაუწევს რამდენად კანონის დაცვით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს ფინანსური შემოწმების პროცესი და შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტთა უფლებების დაცვით დაინტერესებულ საზოგადოებას გააცნობს.

კოალიცია „მედიის ადვოკატორებისათვის”