განცხადება საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილ მედია გარემოსთან დაკავშირებით

5 სექ, 2012

 

 

23.08.2012

მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესი ეტაპია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. შესაბამისად, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ჯანსაღი მედია გარემო კი, ამ პროცესის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.

მიუხედავად სიტუაციის გარკვეული გაუმჯობესებისა მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისათვის, ამომრჩევლისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მიგვაჩნია, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით ე.წ. must carry/must offer-ის პრინციპების ამოქმედება წინასაარჩევნო პერიოდში, რომლის საფუძველზეც საკაბელო ოპერატორებმა საერთო მაუწყებლები თავიანთ პაკეტებში ჩართეს, წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს რეგულაცია სრულად ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ ინტერესს, რამდენადაც საკაბელო ტელევიზიების მომსახურებით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ქალაქების მაცხოვრებელთა ნაწილმა. რეგიონების მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის კი, მრავალფეროვან ინფორმაციაზე წვდომის ერთადერთ საშუალებად კვლავ სატელიტური ანტენები რჩება.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია „მაესტროს” სატელიტური ანტენების დაყადაღების ფაქტი. აღნიშნული ქმედება მიუღებელია, რამდენადაც ზღუდავს კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების, საკუთრების უფლების რეალიზებას და სცდება სამართლებრივ ფარგლებს.

ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია ხელისუფლების მიერ აღიარებული must carry-ისა და must offer-ის პრინციპების სულისკვეთებასთან და დისკრიმინაციულ პირობებში აყენებს საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც არ გააჩნია საკაბელო მაუწყებლობაზე წვდომა.

ამასთან მიგვაჩნია, რომ must carry-ისა და must offer-ის წესების მოქმედებისათვის კანონით დადგენილი ვადები, რაც გულისხმობს მის შეწყვეტას არჩევნების წინა დღეს, არაგონივრულია და სრულად ვერ ასახავს საზოგადოებრივ ინტერესს. არჩევნებთან მიმართებაში, მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იქნას განგრძობითად, ვინაიდან მას არ გააჩნია მხოლოდ ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ ინფორმირების ფუნქცია. პლურალისტული მედია გარემო, ამავე დროს, არის არჩევნების მთლიანი პროცესის გამჭვირვალობის და მისდამი ნდობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის განუყოფელი კომპონენტი.

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ასევე ბოლო დროს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ფაქტები. ჟურნალისტებისათვის საარჩევნო ღონისძიებებზე დასწრებისა და გაშუქებისათვის შეუფერხებელი პირობების უზრუნველყოფა, აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია.

ხელისუფლებისაგან მოვითხოვთ, დაუყონებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყოს ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის თითოეული ფაქტის სრულყოფილი გამოძიება, დააკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ძალადობის ინიციატორ და განმახორციელებელ პირებს და, ამგვარად, მოახდინოს მსგავსი ფაქტების პრევენცია.

ამასთან, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ მოქალაქეებისათვის მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, კერძო ტელევიზიის მიერ სატელიტური ანტენების გავრცელებაზე შეზღუდვების მოხსნის გზით. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება მზად არის მონაწილეობა მიიღოს პროცესის მონიტორინგში, მისი კანონთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

ეროვნული პლატფორმა ეხმაურება და იზიარებს ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებას (18 აგვისტო, 2012 წელი), რომელიც ეხება საარჩევნო, მათ შორის მედია გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს და გამოთქვამს მზადყოფნას, რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

მოვუწოდებთ ევროკავშირს, საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო წარმომადგენლობებს აღნიშნული საკითხები კვლავაც პრიორიტეტულად განიხილონ საქართველოს ხელისუფლებასთან ოფიციალურ კომუნიკაციაში და ამგვარად, მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ამომრჩევლების ინტერესებს.