განცხადება ჯანაშიას მუზეუმში გამართული ღონისძიების თაობაზე

04.07.2013

 

2013 წლის 12 მაისს, ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა „კულტურა დროის გზაჯვარედინზე: ხელოვნება როგორც ქურთების კულტურის დაცვის და აქტუალიზაციის მეთოდი საქართველოში”.

„საქართველოს იეზიდთა სახლის” მიერ ინიცირებული და ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველოს” დაფინანსებული პროექტის მიზანი იეზიდთა  კულტურის, მათი სამოსის და მუსიკის თანამედროვეობასთან სინთეზირება და მისი ქართული საზოგადოებისთვის ჩვენება იყო. დიზაინერმა გელა კუპრაშვილმა წარმოადგინა იეზიდთა წმინდა ქალაქ ლალიშის მკვიდრთა ისტორიული ტანისამოსის არტისტული ინტერპრეტაცია, მუსიკოსმა დიმა დადიანმა ელექტრონულად დაამუშავა თბილისელ იეზიდთა ტრადიციული მუსიკა, მხატვარმა ტატო კოტეტიშვილმა კი მოაწყო კოსტუმირებული  ფოტოსესია.

ფონდი და პროექტის ორგანიზატორები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი იეზიდური კოსტუმები არ წარმოადგენს საქართველოში მცხოვრებ იეზიდთა ტრადიციულ სამოსს, მაგრამ პერფორმასის მიზანი იყო იეზიდთა ისტორიისა და კულტურისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაღვივება.