დასავლური თავდაცვის სტრატეგია სამხედრო უწყების საინფორმაციო კარჩაკეტილობის ფონზე-რადიო”თავისუფლება”

08.06.2010

დასავლური თავდაცვის სტრატეგია სამხედრო უწყების საინფორმაციო კარჩაკეტილობის ფონზე

ავტორი კობა ლიკლიკაძე

საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პოზიციების დასაახლოებლად რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – ცოტა ხნის წინ შემუშავდა თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები. კვირის ბოლოს კი გუდაურში ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. თუმცა სამხედრო უწყებამ ვერ უღალატა ტრადიციულ კარჩაკეტილობას და ბოლო მომენტში მონაწილეთა სიიდან ამოშალა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის რამდენიმე წარმომადგენელი, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო” და “ფრიდრიხ ებერტის ფონდი”. სიიდან ამოშლილთა შორის აღმოვჩნდი მეც. დღევანდელ კვირის პროგრამაში მინდა სამხედრო უწყების ამ ორ პოლუსზე – საბჭოურ საინფორმაციო კარჩაკეტილობასა და დასავლურ სტრატეგიულ ხედვაზე – გესაუბროთ.

საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს წინამორბედების მიერ დატოვებული სამხედრო საკანონმდებლო ვაკუუმი სწრაფად ამოავსოს, რისთვისაც მას ნატოსთან გაფორმებული ინფივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა აძლევს სტიმულს. საქართველოს პარლამენტმა სულ რაღაც სამთვიანი ინტერვალით დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემდეგ შემუშავდა თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტები და მალე ქვეყანას ეროვნული სამხედრო სტრატეგიაც ექნება. დოკუმენტის პროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა შეიმუშავეს, შესაძლოა, არც არაფრით იყოს გამორჩეული, რადგან მასში, ძირითადად, ლაპარაკია საშუალო და გრძელვადიან გეგმებზე, ხედვებზე, თუ როგორი უნდა იყოს შეიარაღებული ძალები 2010 წლისათვის. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” წარმომადგენელი შალვა თადუმაძე ამ დოკუმენტის მიმართ იმთავითვე კრიტიკულად იყო განწყობილი და სურვილი ჰქონდა საკუთარი მოსაზრება სამხედრო უწყების წარმომადგენლებისთვისაც გაეზიარებინა, მაგრამ პროექტის პრეზენტაციაზე მოსაწვევი არ გაუგზავნეს.

[შალვა თადუმაძის ხმა] “ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ეს დოკუმენტი არ წარმოადგენს იმ სახის ნორმატიულ ბაზას, რომელიც სრულყოფილად განსაზღვრავს სამხედრო სტრატეგიას. შესაბამისად, კომპეტენტური აზრის მოსმენა მტკივნეული იქნებოდა როგორც ამ დოკუმენტის შემდგენლების, ისე იმ ადამიანებისათვის, რომლებიც საკმაოდ მოღვაწეობდნენ იმისათვის, რომ ამ დოკუმენტის ფეიერვერკებით მიღება მომხდარიყო.” (სტილი დაცულია)

მთავარ პრიორიტეტთაგან პროექტში რამდენჯერმეა ხაზგასმული ნატოში გაწევრიანება, მთავარ საფრთხეთა ჩამონათვალში კი ფიგურირებენ ჩრდილოეთ კავკასია, სეპარატისტული რეჟიმები და მათი მხარდამჭერი რუსეთის გარკვეული პოლიტიკური ძალები და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტერორიზმი. ყველაფერი, როგორც იტყვიან, “ჟანრის კანონებს” ეთანხმება. ეროვნული სამხედრო სტრატეგიის პროექტში ნახსენები არაა, მაგრამ ქვეყნის შიგნით არსებული ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა დოკუმენტის მიღების პროცესში უნდა გადაწყვეტილიყო – პროექტის ტექსტი სამხედრო ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს კონფერენციაზე გულახდილ ფორმატში უნდა განეხილათ და ამით დაეწყოთ რთული დიალოგი აშკარად გაუარესებული სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გამოსასწორებლად. როდესაც დავით დარჩიაშვილი, დირექტორი კონფერენციის თანაორგანიზატორი ფონდისა “ღია საზოაგადოება – საქართველო”, მონაწილეთა სიას ადგენდა, ცდილობდა სწორედ ასეთი დიალოგის აუცილებლობაში დაერწმუნებინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “უბრალოდ, ამ ეტაპზე გამოინახა არგუმენტაცია იმ სიისა, რომელიც შედგა, შემდეგნაირი: “სამართალი და თავისუფლება”, “კავკასიური ინსტიტუტი”, “თავისუფლების ინსტიტუტი”. სამწუხაროდ, ყველა არ არის, ვისაც ინტერესიც აქვს და კომპეტენციაც, მაგრამ, გარკვეულწილად, ეს იყო საფუძველი, რომ ფორუმის მონაწილეთაგან დაკომპლექტებულიყო სამოქალაქო სექტორი.” (სტილი დაცულია)

როგორც ზემოთ ვთქვით, არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამართალი და თავისუფლება” მოსაწვევი არ მიიღო თავდაცვის სამინისტროსაგან, მიუხედავად იმისა, რომ თანაორგანიზატორი და თანადამფინანსებელი ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ძალიან ეცადა კონფერენცია რაც შეიძლება წარმომადგენლობითი ყოფილიყო. სურვილის მიუხედავად, დავით დარჩიაშვილმა ვერ მოახერხა კონფერენციაზე აკრედიტაცია დაეშვა რადიო “თავისუფლებისთვის”, თქვენი მონა-მორჩილის სახით. სამხედრო უწყებამ სათოფეზე არ გაიკარა ასევე სამხედრო ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი, ცნობილი სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი. მის მიერ სამხედრო შესყიდვებზე გამოქვეყნებული კრიტიკული პუბლიკაციის გამო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ცოტა ხნის წინ სამსახურიდან დაითხოვა ჟურნალისტის ძმა.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ამდენი მინისტრი გამოიცვალა და გენერალური შტაბის უფროსი, მაგრამ ასეთი სირთულე მე არ მქონია მუშაობაში. მათ ავადმყოფურად სწყინთ, როდესაც რაიმე კრიტიკას წერ და კიდევ ისაა, რომ ისინი [სამხედრო უწყების ხელმძღვანელები} ავტორზე ზეწოლას ახორციელებენ და მე ეს პირადად განვიცადე. მაგალითად, ჩემი ძმა გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ მე დავწერე ტანკებეზე,რომლებიც, ტექნიკური თვალსაზრისით, არ შეესაბამება მოთხოვნებს. არადა, იყო შესაძლებლობა სხვა გვეყიდა.”(სტილი დაცულია)

ჟურნალისტები საქართველოში ყოველთვის უჩიოდნენ სამხედრო უწყების კარჩაკეტილობას. და არა მარტო საქართველოში, სამხედრო უწყება ყველა ქვეყანაში ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია გასცეს, ჟურნალისტებს კი, პირიქით, ყოველთვის მეტი ინფორმაციის მიღების სურვილი ამოძრავებთ. მაგრამ დემოკრატიული საზოგადოება იმით განსხვავდება ავტორიტარულისაგან, რომ ორივე მხარემ იცის, სამხედროებმაც და ჟურნალისტებმაც, რომ, ამ დილემის მიუხედავად, საჭიროა თანამშრომლობა და დიალოგი. გასულ კვირაში გუდაურის კონფერენციამ, რომელზეც მაღალ მატერიებსა და პრიორიტეტებზე იყო საუბარი, თავის მიზანს მხოლოდ ნაწილობრივ მიაღწია – დიალოგი სამხედრო უწყებასა და სამოქალაქო სექტორს შორის არ შედგა.