ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
21 მარტს თბილისში საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. კამპანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პარტნიორობით ტარდება.
15:00 საათზე კუს ტბაზე გაიმართება ახალგაზრდული მსვლელობა, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის ამერიკული აკადემიის 200-ზე მეტი სტუდენტი და მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან უნივერსიტეტების რექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
17:00 საათზე „ღია გალერეაში” ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველო” მხარდაჭერით გაიმართება ფოტოგამოფენა: პორტრეტები და შემოქმედებითი სიტუაციები. ცნობილი ფოტოგრაფის ლევან ხერხეულიძის ნამუშევრები ასახავს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების აქტიურ ჩართულობას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ფოტოექსპოზიციის პარალალურად წარმოდგენილი იქნება თერაპიის სახლის ახალგაზრდების მიერ მომზადებული ხელნაკეთი ნივთებიც.
22 მარტს, 16:00 საათზე, საზოგადეობრივი მაუწყებლის რადიო-1 ყოველკვირეული გადაცემის „უფლება და თავისუფლება” ეთერში შედგება მსჯელობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების შესახებ. ინკლუზიური განათლების შესახებ დისკუსია მიმდინარეობს პროგრამის ფეისბუკზე.
„დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში”, – ამბობს გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მეშვიდე წელია აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ოფიციალურად ეს დღე წელს აღიარა. 2012 წლის 21 მარტს გაეროს შტაბ ბინაში ნიუ იორკში გაიმართება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ჩვენი მომავლის შენება”.
###
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ანა ტოკლიშვილი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო”, +995 32 2250463, anuka@csf.ge
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, 599 196907 (მობილური), sophie.tchitchinadze@undp.org