„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ანგარიში გაავრცელა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აშენებული კოტეჯების მშენებლობის პროცესს და ხარისხს ეხება. პრეზენტაცია 27 აპრილს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა. მონიტორინგი ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” კოალიციის ფარგლებში ხორციელდებოდა.
“კოალიცია “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს” 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაარსდა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიცია მონიტორინგს უწევს ომის შემდგომ საქართველოსთვის გამოყოფილი საერთაშორისო ფინანსური დახმარებების განკარგვას ინფრასტრუქტურის და ენერგო პროექტების განხორციელების და დევნილთა სახლების მშენებლობის კუთხით. ეს ანგარიშიც სწორედ ამ ერთი დიდი ინიციატის ნაწილია”-აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.
მონიტორინგის შედეგად, რომელიც 1 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, გამოვლინდა, რომ შენობების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია არადამაკმაყოფილებელი არქიტექტურული პროექტით, რომელიც დახურულ კარს მიღმა იქნა შედგენილი, ფართო კონსულტაციისა და ექსპერტების მონაწილეობის გარეშე. ეს პრობლემები დღემდე აქტუალურია და უარყოფით გავლენას ახდენს დევნილთა ცხოვრებაზე.
„კოტეჯები ომის შემდგომ პერიოდში აშენდა. იმ დროს, უმთავრესი ამოცანა დევნილებისთვის დროებითი თავშესაფრის შექმნა იყო და არა გრძელვადიანი საცხოვრებლით მათი უზრუნველყოფა. დაგეგმვის პროცესში ადგილი ჰქონდა დევნილების გრძელვადიანი საჭიროებების გათვალისწინების მცდელობას. ამის მაგალითია დევნილთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფა, რაც მათი საარსებო წყაროს უზრუნველყოფის მიზნით გაკეთდა. თუმცა, კოტეჯების არქიტექტურული პროექტი იმდენად სწრაფად შეიქმნა და დაგეგმვის პროცესი იმდენად მოკლე იყო, რომ შედეგად მივიღეთ რაღაც საშუალო-დროებით თავშესაფარსა და გრძელვადიან საცხოვრებელს შორის” – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კობალაძე, – “დაგეგმვის პროცესში უფრო მეტი ექსპერტი რომ ყოფილიყო ჩართული, შესაძლებელი იქნებოდა კოტეჯებში გაჩენილი პრობლემების თავიდან აცილება.”
კოტეჯების მდგომარეობის შეფასების კუთხით, მონიტორინგის პროცესში დამოუკიდებელი ინჟინერ-ექსპერტები მონაწილეობდნენ. მათი დასკვნების თანახმად, შენობები სტრუქტურულად საღია და კიდევ მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნებს მდგრადობას, თუმცა ობისა და სინესტის პრობლემებს კვლავაც ექნება ადგილი.
ანგარიშში განხილულია „მუნიციპალური განვითარების ფონდსა” (მგფ) და მცხეთის მუნიციპალიტეტში არსებული შესყიდვების მონიტორინგის სისტემებიც. სამშენებლო კომპანიებთან კონტრაქტების გაფორმების პროცესის მართვა სწორედ ამ ორი უწყების პასუხისმგებლობა იყო. აღსანიშნავია, რომ „მუნიციპალური განვითარების ფონდში” მოქმედი სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის სისტემა მთლიანობაში კარგად არის დოკუმენტირებული და დამოუკიდებელ ექსპერტებს პროცესის გადამოწმების საშუალებას აძლევს, მაგრამ ის მეთოდი, რომლის მეშვეობით ფონდი კოტეჯებში არსებული ხარვეზებს აღწერს და ამავე დროს, მონიტორინგს უწევს მათ აღმოფხვრას, არათანამიმდევრული და ხშირ შემთხვევაში, არაზუსტია. ეს კი ხელს უშლის უწყებას, რომ კოტეჯებში გამოვლენილი პრობლემების გამო პასუხი მოსთხოვოს სამშენებლო კომპანიებს. მიუხედავად იმისა, რომ „მუნიციპალური განვითარების ფონდის” მიერ დაქირავებული ინჟინრები ზედამხედველობას უწევდნენ თითოეულ კონტრაქტს, მშენებლობის ხარისხის საბოლოო და დამოუკიდებელი შეფასება დღემდე არ გაკეთებულა..
მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვების მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ კოტეჯების ხარისხის შეფასებაზე პასუხისმგებელი კომისია დამოუკიდებელი არ იყო და მის შემადგენლობაში შედიოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის თანამშრომლები და მგფ-ს მიერ დაქირავებული კომპანია. რეგულარულად არ წარმოებდა ხარვეზების აღწერის პროცესი და ამ ხარვეზების გამოსწორების მცდელობაც არ ყოფილა. ხოლო სამშენებლო კომპანიების მიზეზით წარმოქმნილი პრობლემების განხილვა ნაკლებად დეტალური და მასშტაბური იყო.
ანგარიშის წარდგენის ბოლოს დისკუსია გაიმართა, რომელშიც დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის და მთავრობის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
ანგარიშის ბოლოს საუბარია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებაზე, რაც არქიტექტურული პროექტების გამოქვეყნებასა და სამშენებლო კომპანიების კონტრაქტებისა და ბიუჯეტების სრულ გამჭვირვალობასაც გულისხმობს.
იხილეთ ანგარიშის ვრცელი ვერსია.