2013 წლის აპრილიდან ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ეთნიკურ უმცირესობათა არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება. პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და თემატური სემინარების მეშვეობით ორგანიზაციებს გადაეცემათ თეორიული ცოდნა და ის ძირითადი უნარ-ჩვევები, რაც აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციების ეფექტურად მართვის, ორგანიზაციული განვითარებისა და წარმატებული საქმიანობისათვის.
უშუალოდ ტრენინგებს უძღვებიან ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრი „პარტნიორები – საქართველოს” და საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის წამომადგენლები. სემინარებში 25-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
პროგრამის პირველ ეტაპზე, 2013 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ჩატარდება ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: სტრატეგიული დაგეგმვა, სამოქალაქო ინტერესების დაცვა, სახსრების მოძიება და საპროექტო განაცხადის მომზადება.
2013 წლის 9-10 ივლისს თბილისში ეთნიკურ უცმირესობათა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის 17-მა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი სტრატეგიული დაგეგმვის თემაზე. ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო განევითარებინა მონაწილეებში არასამთავრობო ორგანიზაციაში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. ტრენინგის ეხებოდა შემდეგ თემებს: დაგეგმვის მნიშვნელობა; მისია და ხედვა; ინფორმაციის ტიპები, ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის მეთოდები; სტრატეგიული არჩევანი; გადაწყვეტილების მიღების მეთოდები; სტარტეგიული მიზნების ფორმულირება; პროგრამის ლოგიკა; პროგრამის და პროექტების ურთიერთმიმართება და დაგეგმვის პროცესის ორგანიზება.