”ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის” მონიტორინგის შედეგები

25.01.2010

 

დღეს სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” კოალიციამ “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესის მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. დოკუმენტი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ასოციაცია “მწვანე ალტერნატივამ” მოამზადეს.

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი  2008 წლიდან ხორციელდება. ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა, თუმცა, პროექტის ძირითადი ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერ სესხის სახით გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდება.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესის კანონიერების შესწავლა, ფინანსური რესურსის რაციონალური ხარჯვის კონტროლი, გამოვლენილი კანონდარღვევების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირება. ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” კი პროექტის ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციებთან შესაბამისობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის და გარემოსდაცვითი საკითხების მონიტორინგზე აკეთებდა აქცენტს.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სამართლებრივი დარღვევები:        

  • სახელმწიფო შესყიდვების არასათანადო დაგეგმვა;
    ტენდერების წარმართვა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევითა და გვერდის ავლით;
    დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება არასაკმარისი ფინანსური რესურსის პირობებში;
    საბიუჯეტო ფინანსების არაეფექტური ხარჯვა;
    მშენებლობის შესაბამის ორგანოებთან შეუთანხმებლად განხორციელება.

    მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვის საჭიროებას. გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელების პროცესშია და მისი შემდგომი ეტაპების შეფასებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომდევნო ანგარიშში წარმოადგენს.

თამარ ქალდანი
ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამა