თანამედროვე ხელოვნების კურატორების სემინარი

02.05.2012

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით, 2012 წლის 11-12 მარტს თბილისში, ხოლო 14-15 მარტს ბათუმში ჩატარდა სემინარები, რომელიც თანამედროვე ხელოვნების კურატორის როლს, ფუნქციებს და გამოწვევებს მიეძღვნა.

სემინარებს უძღვებოდნენ: ლიდია მათიუსი (პარსონსის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა, ნიუ იორკი), ჯოანა ვან დერ ზანდენი (ამსტერდამში მოღვაწე დამოუკიდებელი კურატორი, ლექტორი და ინტერდისციპლინარული პროექტების სამხატვრო დირექტორი) ევრენ უზერი (ურბანისტი თურქეთიდან) და ოტო ფონ ბუში, მხატვარი და დიზაინერი (პარსონსის ხელოვნებისა და დიზაინის სკოლა, ნიუ იორკი). სემინარის მუშაობაში 70-ზე მეტმა ხელოვნების სფეროს წარმომადგენელმა (კურატორებმა, გალერეებისა და მუზეუმების თანამშრომლებმა, მხატვრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა) მიიღო მონაწილება, როგორც თბილისიდან და ბათუმიდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან.

სემინარების ეს სერია (პირველი 2011 წლის ნოემბერში ჩატარდა მიეძღვნა თემას “გამოცდილების გაზიარება: კურატორობა როგორც სოციალური პრაქტიკა.” უცხოელმა ექსპერტებმა ისაუბრეს კურატორული მიდგომების შესახებ, რომლებიც მეტწილად ხელოვნების საბაზრო სისტემის მიღმა გამოიყენება და ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივ მოსახლეობის საჭირბოროტო საკითხებზე და ადგილობრივი გარემოს უნიკალურიასპექტების წარმოჩენაზე. მონაწილეები გაეცნენ პროცესზე ორიენტირებულ, ლაბორატორიული სახის კურატორულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს სოციალური ურთიერთობების ახალი ფორმებისა და ადგილობრივ საზოგადოებასთან თამანშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.

მოწვეული სტუმრების პრეზენტაციებმა სემინარის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია და მათ სხვადასხვა ჯგუფთან თანამშრომლობით პროექტების განხორციელების სტიმული მისცა. სემინარის მსვლელობის დროს გაიმართა დისკუსიები წარმოდგენილი პროექტების გარშემო, ქართველმა მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ადგილობრივი პრობლემური საკითხების, სახელოვნებო სივრცეებისა და არსებული კულტურული რესურსების შესახებ. სემინარები მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში კულტურული დიალოგის გააქტიურების, სამომავლო პროექტებისთვის ეფექტიანი კონცეპტუალური სტრუქტურების შემუშავების, დინამიური ქსელების შექმნისა და კურატორობის გარშემო მსჯელობის წამოწყების თვალსაზრისით. სემინარის დასასრულს ჩატარებული პრაქტიკული სავარჯიშოების დროს მონაწილეებს ახალი მეთოდების გამოყენებისა და საჭირბოროტო ადგილობრივი საკითხების შესახებ ინოვაციური პროექტების შექმნის შესაძლებლობა მიეცათ.

მონაწილეებმა სემინარი დადებითად შეაფასეს, როგორც თბილისში ისე ბათუმში. მათი აზრით სესიები სასარგებლო იყო პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლების და ფართო სოციალურ კონტექსტში კურატორის პროფესიის ხედვის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. სემინარის მსვლელობის დროს წარდგენილი პროექტები ხელოვნების ნიმუშების წარმოჩენის ინოვაციურ მიდგომებს შეიცავდა, რაც ახალი გამოცდილება იყო საქართველოსათვის. მონაწილეთა აზრით, მიღებული ინფორმაცია მათ დაეხმარება საკუთარი კურატორული პროექტების კრიტიკულ შეფასებაში, უფრო სიცოცხლისუნარიანი პროექტების შექმნაში, საზოგადოების ჩართვის ეფექტიანი გზების მოძიებასა და თანამედროვე გამოფენების/ჩვენებების ორგანიზებისათვის ახალი იდეებისა და მიდგომების შემუშავებაში.

ქეთი ხუციშვილი, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს: „რომ როგორც სემინარმა უჩვენა, თანამედროვე ხელოვნება და კურატორული საქმიანობა დღესდღეობით მართლაც მჭიდროდ უკავშირდება სამოქალაქო აქტივობასა და ადვოკატირებას”.

დამატებითი ინფორმაცია განხილული პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: