16 აპრილს თბილისში, სასტუმრო “ძველ თბილისში” სინგულარ ჯგუფის და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” ორგანიზებით ინტერნეტ ტელევიზიის პირველი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის პირველ დღეს ჟურნალისტები, სოციალური მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები, ვებ დეველოპერები და სტუდენტები შეიკრიბნენ. ახალი მედიის ქართველმა ექსპერტებმა და სინგაპურიდან მოწვეულმა მომხსენებლებმა ყურადღება სოციალური მედიის შესაძლებლობებზე და ინტერნეტ მაუწყებლობის სოციალურ მხარეზე გაამახვილეს. ისაუბრეს ინტერნეტ ტელევიზიის სოციალურ გავლენაზე, ტრადიციულ ბლოგინგსა და ვიდეო ბლოგინგზე, პოპულარული ვიდეო მასალის შექმნაზე და ონლაინ მაუწყებლობის სტანდარტებზე.
კონფერენციის მეორე დღე, რომელიც 29 აპრილსაა დაგეგმილი, უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება და ინტერნეტ ტელევიზიის შექმნის დეტალებს მიეძღვნება.
კონფერენციის დღეებში ხელმისაწვდომი იქნება კონფერენციის პირდაპირი ეთერიც. კონფერენციის მსვლელობისას, გარდა ადგილზე დასმული შეკითხვებისა, მომხმარებლები ონლაინ შეკითხვებს აგზავნიდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით მოწვეული მომხსენებლებისგან პასუხებს იღებდნენ.
სპეციალურად კონფერენციისთვის შექმნილი ვებ გვერდი დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით მომხსენებლების, მონაწილეების და კონფერენციის განრიგის შესახებ.