6 მარტს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა განახლებული „ეს შენ გეხება” კამპანია წარადგინა.
ამჯერად კამპანიის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა და უკანონო მოსმენების და მიყურადების წინააღმდეგ მოქმედება.
განახლებული კამპანიის სლოგანია – „ეს შენ გეხება! – ისევ გვისმენენ!”.
ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლითაა გარანტირებული, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზებით, ეს უფლება შეიძლება მუდმივად შეილახოს, დღეს ჩვენი პირადი მონაცემები არაა დაცული – აცხადებენ კამპანიის ორგანიზატორები.2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას ამ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. დაპირების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ აქვთ შეუზღუდავი წვდომა კავშირგაბმულობის ოპერატორთა მონაცემებთან და მოქალაქეთა შორის ყველა სახის კომუნიკაციასთან. მობილურ ოპერატორებთან განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების” მეშვეობით, სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ, ერთდროულად მოუსმინონ რამდენიმე ათას ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ SMS-ები და ინფორმაცია პირადი ელექტრონული (ელფოსტა, Viber, WhatsApp, BBM და სხვა აპლიკაციებით განხორციელებული) მიმოწერის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ საკითხის გადაწყვეტის კამპანიის ფარგლებში მოეწყობა საინფორმაციო აქციები, დისკუსიები და კონფერენციები, ასევე აქციები გაიმართება პარლამენტთან, სლოგანით – „ეს შენ გეხება! ისევ გვისმენენ!”. ერთადერთი გზა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” მიღებაა, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ამ კუთხით არსებული სტანდარტების დაცვას;
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” , „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”,
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), ფონდი ლიბერალური აკადემია, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სხვა.
კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, თუ ხელისუფლება ინიცირებული ცვლილებების განხორციელებაზე მზაობას განაცხადებს, მაშინ ისინი პარლამენტთან ერთად კანონმდებლობის დახვეწას შეუდგებიან.
იხილეთ არასამთავრობოების განცხადების ტექსტი…