ფონდმა “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია, თბილისი” მიმდინარე წლის 27 აპრილს სასტუმრო თბილისი მერიოტში წარმოადგინა კვლევითი პროექტის დასკვნითი ანგარიში სახელწოდებით “ვიზის ფასილიტაცია და რეადმისია: უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები”.
პროექტი განხორციელდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით და წარმოადგენს ერთწლიანი კვლევის ანგარიშს, რომლის მიზანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2011 წლის 1 მარტს ამოქმედებული ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების იმპლემენტაციის პროცესის, ისევე როგორც საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივების მიმოხილვა.
ანგარიშის წარდგენის შემდგომ გაიმართა დისკუსია საქართველოს სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
ვიზის ფასილიტაციისა და რეადმისიის ხელშეკრულებების განხორციელება აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოსათვის ევროკავშირის ე.წ. „შავი სიიდან,” „თეთრ სიაში” გადასანაცვლებლად, ანუ ვიზის ლიბერალიზაციისათვის. ამასთან, საქართველო რეგიონის ლიდერია ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ვიზებზე უარის მაჩვენებლით. ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ევროკავშირთან მობილურობის სფეროში აქტიურ და შედეგიან თანამშრომლობას. შესაბამისად, ევროკავშირთან ფუნქციონალური ინტეგრაციის, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესია ვიზის ლიბერალიზაციის მიმართულებით პროგრესი.
გარდა იმ მიღწევებსა და გამოწვევებისა, რაც მხარეების მიერ ხელშეკრულებების პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება, ანგარიში მომოიხილავს საქართველოდან ემიგრაციის ტენდენციებს, არალეგალური შრომითი მიგრაციის მარშრუტებს, ფულადი გზავნილების დინამიკასა და მნიშვნელობას, საქართველოსა და რეგიონის სავიზო სტატისტიკას, დღეისათვის არსებულ მდგომარეობას ევროკავშირის საკონსულოების მიხედვით, სხვა პრაქტიკულ ინფორმაციას. ასევე, ანგარიშში წარმოდგენილია სხვა ქვეყნების, მათ შორის მეზობელი უკრაინისა და მოლდოვის გამოცდილების ანალიზი, რაც საყურადღებოა საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივების განხილვისათვის.
ნახეთ ანგარიში სრულად აქ.