კონფერენცია აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის საკითხებზე

29.04.2010

აღმოსავლეთ ევროპაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის საკითხებისადმი მიძღვნილი ერთდღიანი ღონისძიება 2010 წლის 19 აპრილს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტ”-ში გაიმართა. “მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებას თითქმის ოცწლიანი გამოცდილება გააჩნია, ის ჯერ კიდევ მთლიანად დამოკიდებულია საერთაშორისო დონორებისგან მიღებულ დაფინანსებაზე და მდგრადობა არასამთავრობო ორგანიზაციების თვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს” – აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”  აღმასრულებელმა დირექტორმა კონფერენციის გახსნისას.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ” დღის წესრიგში დააყენა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების მდგრადობის საკითხი და სახალი ინიციატივა წამოიწყო, რომლის ფარგლებში იანვარში, ქართული არასამთავრობო სექტორის 13  წარმომადგენელი ბრატისლავასა და პრაღაში გაემგზავრა. მონაწილეები ადგილზე გაეცნენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, მათ გამოცდილებას, ცოდნას და ძალისხმევას მდგრადობის მიღწევის პროცესში და მომავალი თანამშრომლობისათვის საჭირო კონტაქტები დაამყარეს.

თბილისში გამართული ღონისძიება ამ ინიციატივის გაგრძელებას წარმოადგენს და მასში ჩართულმა ბულგარელმა ექსპერტებმა ბატონმა ლუბენ პანოვმა Bulgarian Center for Not-for-Profit Law-დან და ქალბატონმა რალიცა პოპოვამ Knowledge Association Lovech-დან, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ქართული არასამთავრობო სექტორის 45-ზე მეტ წარმომადგენელს და  კონფერენციის მონაწილეთათვის აქტუალური საკითხები განიხილეს.  

კონფერენციაზე მონაწილეებმა განიხილეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების კანონმდებლობის და მათი შემოსავლის ძირითად წყაროებთან დაკავშირებული საკითხები, მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა და  არასამთავრობო სექტორის ეკონომიკური მოღვაწეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ საწარმოს და მის ფუნქციებს, სოციალურ შედეგებსა და სარგებელს. კონფერენციაზე ისაუბრეს  ევროკავშირის ქვეყნებისა  და ბულგარეთში სოციალური საწარმოს  წარმატების მაგალითებზეც.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველო”-ს ინიციატივის ფარგლებში იგეგმება კონფერენციის მეორე ეტაპი, რომელიც მოხალისეობის საკითხებს, არასამთავრობო სექტორისთვის საშემოსავლო გადასახადიდან  2%-ის გადაცემაას და დაფინანსების მოძიების მექანიზმებს დაეთმობა. დაგეგმილია კონფერენციების მასალების გამოქვეყნებაც.

კონფერენცია ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”  მხარდაჭერითა და “აღმოსავლეთ-აღმოსავლეთის ქსელური პროგრამის” თანადაფინანსებით ჩატარდა.