კონფერენცია თემაზე: ”საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები”

28.04.2010

16 და 17 აპრილს, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს”ორგანიზებით ბაზალეთზე გაიმართა გასვლითი კონფერენცია თემაზე:  “საქართველოში საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობა და მისი პერსპექტივები”.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის და საზოგადოებრივი  საკონსტიტუციო კომისიის, ასევე დღეისათვის შემუშავებული კონსტიტუციის  სხვა ახალი რედაქციის კონცეფციების და წინადადებების განხილვას.

განხილვის ძირითადი თემები იყო სახელისუფლებო ინსტიტუტები საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში: პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი, სასამართლო ხელისულება, ასევე ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხები.

კონფერენციის ორგანიზებით, ფონდმა ხელი შეუწყო დისკუსიის დაწყებას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიას და საკონსტიტუციო რეფორმირების პროცესში ჩართულ მოქალაქებს შორის, რომელთა ინტერესი ამ პროცესებისადმი პოლიტიკური, მოქალაქეობრივი თუ სხვა პოზიციის თვალსაზრისით ძალიან დიდია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი, კომისიის აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი კვერენჩხილაძე, კომისიის სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იაკობ ფუტკარაძე, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენელი ვახტანგ ხმალაძე და მინდია უგრეხელიძე,  სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციათა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და ექსპერტები.

საკონსტიტუციო ცვლილებების, მისი ფარგლების, სახელმწიფო მართვა-გამგეობის ფორმების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლო ხელისუფლების, ძირითადი უფლებების საკითხებზე თავიანთი მოსაზრებები და კონცეფტუალური ხედვა წარმოადგინეს საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებმა, ბატონებმა ვახტანგ ხმალაძემ და მინდია უგრეხელიძემ.

ამავე საკითხებზე კონფერენციის მონაწილეებს სტუდენტური საკონსტიტუციო კომისიის ხედვა გააცნო კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე ჭეიშვილმა.   

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი კონფერენციის მონაწილეთა წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე სახელისუფლებო ინსტიტუტები საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. ავთანდილ დემეტრაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში საკონსტიტუციო ცვლილებათა მიზნით შემუშავებული სამუშაო ვარიანტის ის ნაწილი რომელიც სახელისუფლებო შტოების ურთიერთობებს არეგულირებს. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კომისიის  მთავარი მიზანი იყო და არის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ხელისუფლების დაბალანსებული სისტემის ჩამოყალიბება.

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში საქართველოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მოხსენება გააკეთა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა თენგიზ შარმანაშვილმა, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კომისიაში მიღებულია გადაწყვეტილება კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ადგილობრივი თვითმართველობის მარეგულირებელი კონსტიტუციური ნორმების ცალკე თავად ჩამოყალიბების შესახებ. არსებობს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითად პრინციპებს, მის უფლებამოსილებას, ფინანსურ და სამართლებრივ გარანტიებს. კომისიის მდივანმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული პროექტი ექსპერტიზისა და დასკვნისათვის გადაეცა ვენეციის კომისიას.

დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მყარი კონსტიტუციური გარანტიების ჩამოყალიბების  საკითხზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხედვა და ამ  მიზნით უკვე მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე კონფერენციის მონაწილეებს დეტალურად ესაუბრა კომისიის სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იაკობ ფუტკარაძე.

კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ, ჰოლანდიის სამეფოს მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის ,, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის ანალიზი” შედეგებს. კონფერენციის მონაწილეება ხაზი გაუსვეს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას საკონსტიტუციო რეფორმის  პროცესში.

მიუხედავად კონფერენციაზე გამოთქმულ აზრთა სხვადასხვაობისა, აშკარად გამოიკვეთა პოზიციათა თანხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ხელისუფლების დაბალანსებული სისტემის ჩამოყალიბების, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ფუნქციონირებისათვის მყარი კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საკითხებზე.