30 ივნისს, ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ოფისში შედგა ახალი კრებულის „გენდერი, კულტურა, თანამედროვეობა” მე-2 ნაწილის პრეზენტაცია. გამოცემა მხარდაჭერილია ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” ქალთა პროგრამის მიერ.
წიგნის რედაქტორი და შემდგენელია პროფ. ლელა გაფრინდაშვილი. კრებული აერთიანებს ქართველი ავტორებისა (ლ.გაფრინდაშვილი, თ.საბედაშვილი, თ.ონოფრიენკო, ნ.ბაქაქური) და ცნობილი უცხოელი მოაზროვნეების (ბ.ფრიდანი, ჯ.ბათლერი, ლ.მალვი და ა.შ.) უმნიშვნელოვანეს სტატიებს. იგი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ფემინისტური ფილოსოფია, ფემინისტური თეორიები სამართალში, გენდერი და კულტურის კვლევები, ქალები პოლიტიკურ თეორიაში. წიგნი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გენდერის, როგორც აკადემიური დისციპლინის განვითარების საქმეში, რადგან მასში შესული სტატიები ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.
ავტორებმა ყურადღება შეაჩერეს გენდერული/ქალთა კვლევების შემდეგ სფეროებზე: ფილოსოფია, სამართლის თეორია, კულტურის კვლევა, მასმედია და ვიზუალური ხელოვნება, პოლიტიკის კვლევა. საბოლოოდ, წარმოდგენილი სტატიები დაჯგუფდა შესაბამისი ნაწილების მიხედვით:
1. ფემინისტური ცოდნა ანუ გენდერის რაციონალიზაცია;
2. თანასწორუფლებიანობა და თანასწორობა: უფლების ფლობიდან უფლების გამოყენებამდე;
3. გენდერული კვლევა და კულტურის კვლევები;
4. ქალი და ქალები პოლიტიკურ თეორიაში.
კრებულის II ნაწილი აგრძელებს მისი წინამორბედის სულისკვეთებას: წარმოაჩენს გენედერული კვლევის სფეროში მომუშავე ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ინტერესებს და მეორეს მხრივ – აჩვენებს ამ დისციპლინის პოლიფონიურ ბუნებას. ამასთან, მკითხველი აღმოაჩენს გენდერის, როგორც კულტურის განუყოფელი ფენომენის, შესავლისა და აღწერისათვის საჭირო ხედვათა სიმრავლეს/მრავალგვარობას.