2012 წლის 27 აპრილს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში კოალიციაm „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” გამართა სადისკუსიო შეხვედრა, რომელიც სამედიცინო მედიაციის შექმნისა და განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნა.
კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”, რომელიც 8 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს 2011 წლიდან ახორციელებს პროექტს „ჯანდაცვაში ადამიანის უფლებების დაცვა მედიაციის სამსახურის განვითარების გზით”.
ჯანმრთელობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება საქართველოში. უკანასკნელ წლებში მიმდინარეობს ჯანდაცვის საკანონმდებლო ბაზის დახვეწა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ სამედიცინო კლინიკებსა და დაწესებულებებში მომრავლდა პაციენტთა პრეტენზიები სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ. ამის მიზეზი მრავალია: სამედიცინო მომსახურების ნაკლოვანებები, პაციენტთა გაუთვითცნობიერება და ინფორმაციის ნაკლებობა, პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ საკუთარი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციის არ ქონა, სამედიცინო სფეროში კანონმდებლობის ხარვეზები. განსაკუთრებით დაუცველია მარგინალური ჯგუფები, რომელთაც შეზღუდული ცოდნა და რესურსი გააჩნიათ საკუთარი უფლებების დასაცავად.
ჯანდაცვის სფეროში თანდათანობით მკვიდრდება მედიაციის სამსახური, დავების ალტერნატიული გზით გადაწყვეტის ინსტიტუტი, როგორც კონფლიქტების თავიდან აცილებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებაში ქმედითი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, მედიატორის დახმარებით უნდა მოხდეს ძვირადღირებული, დროში გაწელილი, და მხარეებისათვის მეტად სტრესული სასამართლო პროცესის თავიდან აცილება. საქართველოში სამედიცინო დაზღვევის სფეროში მედიაციის დამკვიდრებამ საკმაოდ დადებითი როლი ითამაშა, რამაც განაპირობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სამედიცინო მედიაციის სამსახურის” შექმნა და მედიაციის სამსახურისთვის უფრო ფართო ფუქნციების მინიჭება. გარდა ამისა, მედიაცია გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში: მედიაცია ამოქმედდა სასამართლო სისტემაში, ფეხს იკიდებს სანოტარო მედიაცია, არასრულწლოვანთა მართმსაჯულების სისტემაში წარმატებით მოქმედებს მედიაცია.
2011 წლიდან, საქართველოში „ღია საზოგადოების ინსტიტუტი”-ს მხარდაჭერით, ხორციელდება პროექტი „ჯანდაცვაში ადამიანის უფლებების დაცვა მედიაციის სამსახურის განვითარების გზით”, რომლის მიზანია ჯანმდაცვის სფეროში მედიაციის სამსახურის განვითარება როგორც ეფექტური მექანიზმის დანერგვა, „პაციენტი-ექიმის” ურთიერთობების და სამედიცინო მომსახურებით უკმაყოფილებისა და პრეტენზიების დარეგულირება. პროექტს ახორციელებს კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში”, კოალიცია აერთიანებს 8 არასამთავრობო ორგანიზაციას: საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”, ასოციაცია “უფლება ჯანმრთელობაზე”, კავშირი თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის, ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, კავშირი “ახალი ვექტორი”,საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება, პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.
###
კოალიცია „ადამიანის უფლებები ჯანდაცვის სფეროში” აერთიანებს 8 არასამთავრობო ორგანიზაციას: საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია “ნდობა”, ასოციაცია “უფლება ჯანმრთელობაზე”, კავშირი თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის, ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, კავშირი “ახალი ვექტორი”,საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება, პაციენტთა უსაფრთხოების საქართველოს ალიანსი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი.