მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ

21.01.2010

2007 წლის 10 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა, ხოლო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს მხრიდან საბჭოს თავმჯდომარემ ერეკლე მჭედლიშვილმა. აღსანიშნავია, რომ ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო თავიდანვე  იყო წარმოდგენილი აღნიშნულ საბჭოში და, ამავე დროს, ფინანსურ დახმარებას უწევდა და უწევს საბჭოს მუშაობას. ხელმოწერის პროცედურას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, არასამთავრებო სექტორის, აგრეთვე ქართული მედიის წარმომადგენლები.
მემორანდუმი წარმოადგენს იმ ურთიერთობების იურიდიულ გაფორმებას, რომელიც დაიწყო ორი წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს შორის.  კერძოდ ეს ურთიერთობები გულისხმობდა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  რეგულარულ შეხვედრებს თავდაცვის სფეროში არსებული მიმდინარე თუ სტრატეგიული საკითხების ერთობლივი განხილვის მიზნით. აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების, თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონების და ჩარჩო დოკუმენტების შესახებ ანგარიშების მომზადებას არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტების მიერ. შედეგად, მემორანდუმი წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საბჭოს შორის გასული ორი წლის მანძილზე არსებული წარმატებული თანამშრომლობის (ლოგიკურ) შედეგს.
მემორანდუმი არა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საბჭოს შორის არსებული თანამშრომლობის უკვე არსებულ ფორმებს, არამედ მნიშვნელოვნად აფართოებს აღნიშნული თანამშრომლობის სფეროებს.

კერძოდ, მემორანდუმის თანახმად, თავდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო საბჭოს შორის სამომავლო თანამშრომლობა თითქმის მთლიანად გადაფარავს თავდაცვის რეფორმის ყველა სფეროს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების, თავდაცვის სფეროს დაფინანსების და ნატოში ინტეგრაციის პროცესის ჩათვლით.

გამომდინარე აღნიშნულიდან, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მემორანდუმზე ხელმოწერა ეს არის საქართველოში სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ინსტიტუციონალიზაციისაკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი,რომელიც გააძლიერებს შეიარაღებულ ძალე”ბზე და ზოგადად უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო კონტროლს, გაზრდის თავდაცვისა სფეროში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას.