მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით ბაქრაძეს

09.02.2012

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” დეპუტატთა ინიციატივას ეხმაურება, რომელიც პარლამენტში ჟურნალისტების ვიდეოკამერებით მუშაობაზე შეზღუდვებს აწესებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კოალიციამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს წერილით მიმართა:

“ბატონო დავით,

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ჟურნალისტებისთვის დადგენილი ქცევის წესები იძლევა პარლამენტის საქმიანობის ეფექტურად გაშუქების საშუალებას და არ აფერხებს პარლამენტის მუშაობას.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” მიუღებლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივას პარლამენტის ახალ შენობაში ჟურნალისტებისათვის ვიდეოკამერებით მუშაობის შეზღუდვის თაობაზე. 

მსგავსი ინიციატივა საქართველოს მთვარობისა და სასამართლო ხელისუფლების შემთხვევაში, ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვით დასრულდა. კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის, გამჭვირვალობის და გამოხატვის თავისუფლების  დაცვის თვალსაზრისით და შეზღუდავს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ ობიექტური ინფორმაცია მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების საქმიანობის შესახებ.

კოალიცია მოგმართავთ თხოვნით, შეგვხვდეთ  აღნიშნული საკითხის განსახილველად.

პატივისცემით,

კოალიცია  ,,მედიის ადვოკატირებისათვის” 

08.02.2012