სხვა ქვეყნებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის მიმდინარეობას სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 48 საარჩევნო უბანზე აკვირდებოდა 158 დამკვირვებლის მეშვეობით, რომლებმაც სათანადო მომზადება/ტრენინგი წინასწარ გაიარეს.
ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზების მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციამ, საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე – სიების შედგენის დროს, საარჩევნო უბნების შექმნისას და კენჭისყრის დღეს – შექმნა ამომრჩევლისთვის დაუძლეველი და გაუმართლებელი ბარიერები, რამაც ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეუზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
წინასაარჩევნო პერიოდში საზღვარგარეთ ემიგრანტების რაოდენობასთან შეუსაბამოდ მცირე საარჩევნო უბნებმა და შემდგომ, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების არასათანადო მოწყობამ დაარღვია არჩევნების საყოველთაოობის კონსტიტუციური პრინციპი. ამომრჩევლები, რომლებსაც არ შეეძლოთ შეუსაბამოდ შორ მანძილზე გადაადგილება, დარჩნენ ხმის უფლების გარეშე.
კენჭისყრის დღეს ევროკავშირის არაერთ სახელმწიფოსა და აშშ-ში გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი ხელმისაწვდომობისა და საყოველთაოობის პრინციპის უხეში დარღვევებით წარიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა ამომრჩეველთა რაოდენობა, მათი მხრიდან მოსალოდნელი აქტივობა და არ უზრუნველყო საარჩევნო უბნებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა და რისკის ქვეშ დააყენა ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობა. ამ უბნებზე არჩევნების ჩატარება ფაქტობრივად ამომრჩეველთა და დამკვირვებელთა ძალისხმევით მოხერხდა.
დაკვირვების შედეგად, საზღვარგარეთ გახსნილ პრობლემურ საარჩევნო უბნებზე გამოიკვეთა შემდეგი სერიოზული დარღვევები:
ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ნიუ-იორკის, მადრიდის, რომის, პარიზის, ბარსელონას, ფრანკფურტის, ბერლინის, პრაღის, მილანის, ათენის, ლონდონის საარჩევნო უბნებზე.
საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები
მილანში 50-მდე მოქალაქე, რომლებიც ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყვნენ შეყვანილი, საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის აქტიური სტატუსის მიუხედავად, საუბნო კომისიის სამაგიდე სიებში ვერ მოიძებნა. შესაბამისად, მათ ვერ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბერლინში, ლონდონში, რომში, მადრიდში, სტამბოლში, შტუტგარტში და ვენაში.
არაუფლებამოსილი პირები საარჩევნო უბანზე
დამკვირვებელთა ინფორმაციით, ადგილობრივი კონსულები სტატუსის გარეშე გადაადგილდებოდნენ კენჭისყრის შენობაში. ასეთი ფაქტები დაფიქსირდა ტალინში, ბარსელონაში, ფრანკფურტში, რიგაში, ჰელსინკიში, პრაღაში, ბრიუსელში შექმნილ საარჩევნო უბნებზე.
ფრანკფურტის საარჩევნო უბანზე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ კალანდაძემ დამკვირვებლებსა და ამომრჩევლებს მიაყენა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა.
საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე არჩევნების პროცესის დაკვირვების შედეგების თაობაზე დეტალური ანგარიში იხილეთ აქ: