ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 13 ივნისს გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მიმდინარე წლის ივლისის თვიდან და საზოგადოებრივ მაუწყებელზე სატელევიზიო პროექტების – „წითელი ზონა” და„ინტერVIEW” დახურვას უკავშირდება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ „რადიო თავისუფლების” გადაცემების დახურვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან ხელისუფლების მწვავე კრიტიკის გაქრობის ინტერესს შეიძლება უკავშირდებოდეს და აჩენს ეჭვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვის პოლიტიკურ დაინტერესებულობასთან დაკავშირებით.
მაუწყებლისა და რადიო „თავისუფლების” ერთობლივი სატელევიზიო პროექტები, „წითელი ზონა” და „ინტერVIEW” გამორჩეული პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გადაცემებია, რომელიც ძალაუფლებრივი ღერძებისა და პოლიტიკური პროცესების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა. აღნიშნული გადაცემები ხელს უწყობს ჩაგრული და უხილავი სოციალური ჯგუფებისა და სისტემური პოლიტიკური და სოციალური პრობლემების აქტუალიზებას და აძლიერებს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას. ორივე გადაცემა ზედმიწევნით შეესაბამება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასა და საქმიანობის პრინციპებს და სარგებლობს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა კვლევებით დადასტურდა, „წითელი ზონას” მაღალი შეფასება გააჩნია, „ინტერVIEW”-ს მნიშვნელობას კი საჯაროდ აღიარებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ამ პირობებში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან აღნიშნული გადაცემების დახურვა მხოლოდ ზოგადი და აბსტრაქტული დასაბუთებით, რომ ხელმძღვანელობას არ სურს პოლიტიკური გადაცემების გარე რესურსით მომზადება, დაუსაბუთებელი და თვითნებური ჩანს და სწორედ პოლიტიკური შინაარსის გადაცემებზე მენეჯმენტის მხრიდან მაქსიმალური და პირდაპირი კონტროლის მოპოვების ინტერესზე მიუთითებს.
2017 წლის თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეული დირექტორის მიერ წარმოდგენილი რეფორმის კონცეფციას საზოგადოების მხრიდან მასშტაბური კრიტიკა და წინააღმდეგობა მოჰყვა. ე.წ. რეფორმა მყისიერი ტექნიკური კოლაფსის საფრთხის გამო ძირითადი გადაცემების დახურვასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგის ზრდის პოლიტიკაზე გადასვლას ისახავდა მიზნად. თუმცა, იმის გამო, რომ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილი პრობლემების შეფასებები საკმარისად დასაბუთებული არ აღმოჩნდა, მათ შორის, არ დადასტურდა მაუწყებლის მყისიერი ტექნიკური კოლაფსის რისკი, მაუწყებლის ახალ მენეჯმენტს გარკვეულწილად უკან დახევა მოუწია. ხელისუფლებასთან მჭიდრო პოლიტიკური აფილაციის მქონე ახალარჩეული დირექტორის პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მაღალი კრიტიკის პირობებში, მაუწყებლის მენეჯმენტმა მიმდინარე წლის ივლისის თვემდე სამაუწყებლო ბადის შენარჩუნებისა და კონკურსის წესით და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით გადაცემების შერჩევის პროცესის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ცხადია, აღნიშნული პროცესის შეფასების შესაძლებლობა საზოგადოებას მომავალში, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მიეცემა, თუმცა, გადაცემების – „წითელი ზონა ” და „ინტერVIEW” უაპელაციო დახურვის შესახებ მენეჯმენტის უკვე მიღებული გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ინტერესებს ნათლად აჩვენებს და მომავალში დაგეგმილი გადაცემების შერჩების პროცესის პოლიტიზირების შესახებ შიშებს წარმოშობს. მიღებული თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება არსებითად არყევს მაუწყებლის მიმართ საზოგადოებრივ ნდობას და მისი სატელევიზიო ბადიდან კრიტიკული გადაცემების გაქრობის შესაძლო ტენდეციაზე მიუთითებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა
– შეინარჩუნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემები – „წითელი ზონა” და „ინტერVIEW”;
– წარმოადგინოს დასაბუთებული და კონკრეტული დასაბუთება და დეტალური არგუმენტაცია, თუ რა გახდა განსახილველი გადაცემების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი;
– საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების და სატელევიზიო ბადის შერჩევის შემდგომი პროცესი წარმართოს იმდაგვარად, რომ მაქსიმალურად დაიცვას საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალებისა და პლურალიზმის პრინციპები და სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)
კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
საზოგადოებრივი მაუწყებელი, შიდა კვლევის დოკუმენტი;
აღსანიშნავია, რომ მენეჯმენტის მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, რომ მაუწყებელში ფინანსური კრიზისი და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციის აუცილებლობა არსებობდა, დაფიქსირდა სხვა არხებიდან თანამშრომლების შემოდინების ტენდენცია, რომელტა შერჩება გაუმჭვირვალედ და ღია კონკურსის გარეშე მოხდა.