საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად დღეს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება. როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო20 ივლისს დაადო.
მისი თქმით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.
“ეს პროცესი (თვითმმართველი ქალაქების გაზრდა), თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის – ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, სახელმწიფო როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, არ არსებობს და ეს პროცესი პირიქით, უნდა გაღრმავებულიყო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესის გამო დაადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ხარისხს აკნინებს და ამცირებს პლურალიზმს და ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.
პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიები მოუწოდებდნენ. ისინი თვლიან, რომ პარლამენტის მიერ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ასუსტებს ადგილობრივ დემოკრატიას.
გუშინ საპარლამენტო კომიტეტებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილეს, თუმცა, არ გაიზიარეს.
გუშინვე 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის წევრებს მოუწოდა, გაიზიარონ პრეზიდენტის ვეტო და უარი თქვან ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე.
პარლამენტის სხდომა დღეს 12:00 საათზე დაიწყება.