რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში?!

16.04.2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის შედეგები

მედიის ადვოკატირების კოალიცია წარმოგიდგენთ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მმართველობის სისტემის მონიტორინგის შედეგებს. კვლევის მიზანია, საზოგადოებას დაანახოს, თუ როგორ ირღვევა საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, როგორ გამოიყენება საჯარო თანხები და რა მდგომარეობაა ამჟამად მაუწყებელში საკუთარი ფუნქციის აღსრულებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის კუთხით.

კვლევამ, რომელიც მოიცავს 2017 წლიდან დღემდე პერიოდს, გამოავლინა საზოგადოებრივი მაუწყებლის მძიმე ინსტიტუციური კრიზისი, რომელიც გამოიხატება სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფაში, ოპოზიციური და პროდასავლური აზრის ცენზურაში, თანამშრომელთა სისტემატურ დევნასა და მენეჯმენტის მხრიდან “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებში.

კვლევის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი და სამეურვეო საბჭო ძირითადად დაკომპლექტებულია “ქართული ოცნების” ინტერესების გამტარებელი პირებით, მათ შორის:

  • სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარით – ვასილ მაღლაფერიძით, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ბიძინა ივანიშვილთან;
  • სხვა წევრებით, რომლებიც არიან ხელისუფლების კვოტით არჩეულები და გამოირჩევიან ანტიდასავლური განწყობებით;
  • გენერალური დირექტორით – თინათინ ბერძენიშვილით, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს მაუწყებლის პროპაგანდისტულ პლატფორმად ჩამოყალიბებაში.

კვლევის მიხედვით, მაუწყებელში ოპერირებს ე.წ. “შავი სია” იმ რესპონდენტების შესახებ, რომლებიც არ უნდა გაშუქდნენ ეთერში. ეს ყოველივე მაუწყებლის ფუნქციის და მიზნების საპირისპიროა. მაუწყებელი წლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 124 მლნ ლარს იღებს, იმისათვის, რომ საკუთარი ფუნქცია შეასრულოს და ხალხს ემსახურებოდეს.

მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ 2017-2021 წლებში მაუწყებლიდან გათავისუფლდა 102 თანამშრომელი, რომელთა დიდი ნაწილის გათავისუფლება სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამჟამად, მაუწყებლის 80-ზე მეტი თანამშრომელი ღიად გამოხატავს პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. შექმნილია “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” (GPB Guardians) ინიციატივა.

ძირითადი მიგნებები:

  • მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს პოლიტიკური კავშირები
  • სარედაქციო პოლიტიკის მიკერძოებულობა
  • ცენზურა და სარედაქციო ჩარევა
  • თანამშრომელთა დევნა და გათავისუფლებები
  • ანტიდასავლური რიტორიკა და რუსეთთან კავშირები
  • კადრების პოლიტიკა და ბიძინა ივანიშვილის GDS-ის ყოფილი თანამშრომლები
  • ფორმატის ცვლილება და კრიტიკული პროგრამების შეზღუდვა
  • ხარჯები და დაფინანსება
  • თანამშრომელთა პროტესტი და “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები”
  • საერთაშორისო ყურადღება

ანგარიში სრულად

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები.

სიახლეები

მულტიმედია

საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.