წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ვებგვერდი.
რეგიონული ტელევიზიების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკითხებზე იმსჯელეს რეგიონული ტელევიზიის წარმომადგენლებმა, საქსელო პროვაიდერებმა და დარგის ექსპერტებმა. შეხვედრა მიმდინარე წლის 11 ივლისს IDFI-ს ორგანიზებით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში” გაიმართა. ინსტიტუტის ხედვა და რეკომენდაციები რეგიონული საეთერო მიწისზედა მაუწყებლების ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას GARB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და IDFI -ს ექსპერტმა ნათია კუპრაშვილმა გააცნო. დიგიტალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ რეგიონულ ტელე-არხებს სატელევიზიო სიგნალის დამოუკიდებლად გავრცელების შესაძლებლობა მიეცეთ, რასაც მცირესიმძლავრიანი გადამცემები ურუნველყოფენ. მათი აგება მოცულობით ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ შესაძლებელია, ერთ ზონაში არსებულმა რამდენიმე მაუწყებელმა ერთი სიხშირით ისარგებლოს. იმ შემთხვევაში თუ ზონაში მხოლოდ ერთი მაუწყებელია, მის კუთვნილ მცირესიმძლავრიან ქსელზე გავრცელდება სავალდებულო ტრანზიტის ვალდებულება. შეხვედრაზე გამოითქვა საპირისპირო მოსაზრება, რომ შესაძლოა ფინანსური თვალსაზრისით უფრო მომგებიანი იყოს ახალი ინფრასტრუქტურის აგება, ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით 2 მულტიპლექსის აგება, რომელთაგან ერთზე ცენტრალური არხები, მათ შორის საზოგადოებრივი არხი, ხოლო მეორეზე რეგიონული მაუწყებლები განთავსდებიან სახელმწიფოს 14 მილიონი ევრო დაუჯდება – განაცხადა საქართველოს ტელერადიოცენტრის გენერალურმა დირექტორმა ბორის ადამიამ.
უკრაინის რეგიონულ მაუწყებელთა ქსელის NAM-ის მიერ მიწოდებული მონაცემებზე დაყრდნობით, ერთ სამაუწყებლო ზონაში ერთი მცირესიმძლავრიანი მულტიპლექსის აგების ღირებულება 30 ათასი დოლარია. IDFI და GARB -ი საუკეთესო მოდელის შესარჩევად და სწორი გათვლების გასაკეთებლად სახელმწიფოს და დაინტერესებულ მნხარეებს სატესტო სამაუწყებლო ზონის მოწყობას სთავაზობენ. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის „ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მხარდაჭერა და მონიტორინგი საქართველოში”- ფარგლებში IDFI აქტიურად მუშობს ციფრული მაუწყებლობის თემაზე. 2013 წლის 21 მაისს ინსტიტუტმა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საკუთარი სტრატეგია წარმოადგინა. IDFI -ს მიერ შემუშავებული სტრატეგია მოიცავს ყველა საკვანძო მიმართულებას, რომელიც ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის და ციფრული მაუწყებლობის კონკურენტ პლატფორმად ჩამოყალიბებისთვისაა საჭირო. დოკუმენტში დეტალურადაა ჩამოყალიბებული ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, რეგიონული მაუწყებლების დახმარების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანიის წარმოება. სტრატეგია ადგენს დამატებითი კრიტერიუმებს ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო ქსელში პროგრამების განთავსების პრიორიტეტებისთვის და განსაზღვრავს კომერციული მაუწყებლების მულტიპლექსორის რესურსებთან დაშვების წესს შეზღუდული რესურსის არსებობის შემთხვევაში.