“საერთაშორისო ამნისტიის” ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვისაკენ მოგვიწოდებს

06.08.2010

 “საერთაშორისო ამნისტიის” (Amnesty International) ანგარიში  მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას გასული ოცი წლის განმავლობაში კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებები.

ორგანიზაციამ ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოში” გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა ანგარიში “მოსაცდელ ოთახში: იძულებით გადაადგილებული პირები საქართველოში”, რომელზეც 2 წლის განმავლობაში, ფონდის მხარდაჭერით მუშაობდა. ანგარიში ასახავს კონფლიქტების დროს იძულებით გადაადგილებული 246 000 პირის უფლებრივ მდგომარეობას და მათ წინაშე მდგარ მწვავე პრობლემებს, როგორიცაა საცხოვრებელი პირობები, დასაქმება, ჯანდაცვისა და სოციალური შეღავათების ხელმისაწვდომობა და სხვა.

“იძულებით გადაადგილებულებს უფრო მეტი სჭირდებათ, ვიდრე მხოლოდ ჭერი. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მათთვის დასაქმება და ჯანდაცვისა და შეღავათების ხელმისაწვდომობა. იძულებით გადაადგილებული პირები უნდა ჩაერთონ იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ უფლებებს და მომავალს შეეხება და უნდა შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. იძულებით გადაადგილებულ პირებს უფლება აქვთ, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ ადგილებს ღირსეულად და უსაფრთხოდ. თუმცა, მთავრობა ვალდებულია უზრუნველყოს იმ ადამიანების ინტეგრირება და დასახლება ქვეყნის სხვა რეგიონებში, რომელთაც არ შეუძლიათ, ან არ სურთ დაბრუნება”-განაცხადა ”საერთაშორისო ამნისტიის” ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორმა ნიკოლა დაქვორთმა.

საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6 პროცენტი (246,000 ადამიანი) იძულებით გადაადგილებულია ქვეყნის შიგნით. აქედან დაახლოებით 220,000 ადამიანს საკუთარი სახლის მიტოვება 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტების შედეგად მოუწია, ხოლო დაახლოებით 26,000 ადამიანი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გახდა დევნილი.

2007 წელს, საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროგრამების განხორციელება დევნილთათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. თუმცა, მრავალ ადამიანს, რომელთაც საკუთარი სახლები თითქმის 20 წლის წინ დატოვეს, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება.

იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას დასაქმება და ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს, რაც მძიმე საცხოვრებელი პირობებით არის განპირობებული. ინფორმაციის ნაკლებობა და ფინანსების არქონა კი მათთვის სამედიცინო მომსახურების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას აფერხებს.

“საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად უნდა გადაწყდეს სამედიცინო მომსახურების, დასაქმების და შემოსავლის შესაძლებლობის საკითხებიც. ეს არის ერთადერთი გზა ათობით ათასობით მოქალაქის სრული ინტეგრაციისკენ, რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში არიან”, თქვა ნიკოლა დაქვორთმა.

როგორც ქუთაისის კოლექტიურ ცენტრში იძულებით გადაადგილებულმა ქალბატონმა ”საერთაშორისო ამნისტიის” წარმომადგენლებს განუცხადა:

“ჩვიდმეტი წლის წინ, როდესაც ომი დაიწყო მე სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, მაგრამ სწავლა ვერ დავამთავრე. ეხლა ჩემი ვაჟიშვილი საშუალო სკოლაში სწავლობს, მაგრამ მე არ მაქვს საშუალება რომ მან უნივერსიტეტში სწავლა განაგრძოს. მე ალბათ ვეღარც სამსახურის შოვნას და ვერც ჩემი ცხოვრების შეცვლას მოვახერხებ, მაგრამ ვთხოვ ჩვენს მთავრობას, რომ მეტი პერსპექტივა შეუქმნას ჩემს შვილებს, რათა მათ მაინც ჰქონდეთ უკეთესი მომავალი”.

ანგარიშის მოკლე ვერსია ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე, ვრცელი ვერსია კი-ინგლისურ ენაზე.

წაიკითხეთ, მოისმინეთ და უყურეთ თუ რას ამბობს მედია გამოქვეყნებული ანგარიშის შესახებ.

იხ. დევნილთა ფოტოები.