საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში

11.04.2012

11 აპრილს ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით გამოაქვეყნა ანგარიში „საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში”.

ანგარიშში აღწერილია საკუთრების უფლების ხელყოფის შემთხვევები მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მდგომარეობის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში ხშირია მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოსთვის მიწებისა და უძრავი ქონების გადაცემის ფაქტები უსასყიდლოდ. მიწებისა და უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მასობრივ ხასიათს იძენს, როდესაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, ერთდროულად რამდენიმე ათეული მოქალაქე ქონებას საკუთარი სურვილით სახელმწიფოს სასარგებლოდ ტოვებს ან ჩუქნის მას.

ხშირია შემთხვევები, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში, როდესაც ქაღალდის ვერსიით მოქალაქისთვის ოფიციალურად დარეგისტრირებულ ქონებას, ელექტრონული ვერსიით სხვა პირი ირეგისტრირებს საკუთრებაში. ახალი მფლობელი კი უმრავლეს შემთხვევაში სახელმწიფოა.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ანგარიში მოამზადეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ” და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ”.

„საკუთრების დაუცველი უფლება საქართველოში” პროექტის “საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა ახალ ტურისტულ ზონებში“ ფარგლებში გამოქვეყნებული მესამე ანგარიშია. მონიტორინგის პირველი ორი ანგარიში ეხებოდა ტურისტურ ზონებში-გონიოსა და მესტიაში არსებულ პრობლემებს.

აქვე შეგიძლიათ ნახოთ ანგარიშის სრულად ქართულად და ინგლისურად.