ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2010 წლის ივლისიდან ფონდის მხარდაჭერით მუშაობდა პროექტზე ,,საქართველოს თვითმმართველი ქალაქების – ფოთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის 2010 წლის ბიუჯეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”.
პროექტის ფარგლებში გამოიცა ანგარიში, რომელიც მოიცავს განხორციელებული ანალიტიკური კვლევისა და მონიტორინგის შედეგებს და შემუშავებულ რეკომენდაციებს.
მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია 2011 წლის 12 ივლისს გაიმართა. შედეგები ცენტრის ექსპერტებმა: ნოდარ ხადურმა, შოთა მურღულიამ და ოთარ კონჯარიამ წარმოადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო, სამთავრობო ორგანიზაციების (თბილისის მერია და საკრებულო, საქართველოს პარლამენტი, სამინისტროები) წარმომადგენლები, ექსპერტები და ჟურნალისტები.
ფოთში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში ჩატარებულმა მონიტორინგმა შემდეგი მიმართულებები მოიცვა: საბიუჯეტო პროცედურების დაცვა; 2010 წლის ბიუჯეტის შესრულება; ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ხარჯვა; ინფრასტრუქტურული, კულტურისა და სხვა პროგრამების მონიტორინგი; წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების ხარჯვა; ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; სესხებისა და გრანტების მიზნობრიობის და ხარჯვის სისწორე; 2011 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცედურები.
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრს პროექტის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური და პროგრამული მხარდაჭერა გაუწია კავკასიის ეკონომიკურმა და სოციალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა.
მონიტორინგის პროცესში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ქუთაისიდან (ადგილობრივი დემოკრატიისა და ეკონომიკის ინსტიტუტი), ბათუმიდან (საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ინსტიტუტი), რუსთავიდან (სამოქალაქო განვითარების სააგენტო) და ფოთიდან (ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევითი ცენტრი).