2007 წლის 9 მარტს გაიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტის წევრებმა ო.თოიძემ და მ. ჯებაშვილმა წარმოადგინეს კანონპროექტი საქართველოს კანონებში “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, “საექიმო საქმიანობის შესახებ” და “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესასახებ.
აღნიშნული კანონპროექტის მომზადება განხორციელდა ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგად მომზადებული და წარმოდგენილი მასალების გამოყენებით. ამ მასალების მომზადებაში მონაწილეობდნენ: მორფოლოგიის ინსტიტუტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი, პალიატიური მზრუნველობის ასოციაცია „ჰუმანისტთა კავშირი”, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის” საერთაშორისო ექსპერტი პროფ. იან სტრჯერნსვორდი.
პროფ. ო. თოიძემ ზოგადად მიმოიხილა საქართველოში პალიატიური მზრუნველობის სისტემის ჩამოყალიბების, შემდგომი განვითარების, არსებული მდგომარეობის ძირითადი პრობლემები. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გარკვეულად ზღუდავს ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პაციენტებისათვის სრულფასოვანი პალიატიური მზრუნველობის განხორციელებას.
ამ წინააღმდეგობათა დასაძლევად საჭიროა გარკვეული დამატებების შეტანა საქართველოს პარლამენტის 3 კანონში, ესენია: “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, “საექიმო საქმიანობის შესახებ” და “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება.
კანონპროექტის მიზანია საკანონმდებლო დონეზე ქვეყანაში უკვე დანერგილი
პალიატიური მზრუნველობის სამართლებრივი საფუძვლების დადგენის უზრუნველყოფა. კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრა დეფინიცია „პალიატიური მზრუნველობა”, რაც აქტიურ მრავალპროფილიან მზრუნველობას ნიშნავს, რომლის უმთავრესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური, ფსიქოლოგიური, სულიერი მხარდაჭერა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღან ექვემდებარება. ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების უკეთესი ხარისხის მიღწევა. ამ კანონპროექტით სახელმწიფო აღიარებს ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების აუცილებლობას ტკივილისა და ტანჯვის შემსუბუქების მიზნით.
კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა.