სამი წლის წინათ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დასავლური განვითარების უზრუნველყოფისთვის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პასუხისმგებლობა აიღო. მას შემდეგ, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”, სხვა დონორ და საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად საქართველოსთვის ამ მეტად მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტის შესრულებას ადევნებს თვალს, აფასებს ამ მიმართულებით წინსვლას თუ წარმოქმნილ პრობლემებსა და ხარვეზებს, ორგანიზებას უწევს ადგილობრივი და ევროპული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ამ საკითხებზე სადისკუსიო შეხვედრებს და ამით დემოკრატიის განვითარებას უწყობს ხელს.
2010 წლის 11-13 იანვარს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს”, ბრიუსელის “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” და ევროპულ სამოქალაქო ორგანიზაციათა პლატფორმის “აპროდევის” ერთობლივი ძალისხმევით, ბრიუსელში (ბელგია) ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ქართველი ექსპერტების შეხვედრები მოეწყო.
ევროკავშირის მოხელეებმა, დეპუტატებმა, ანალიტიკოსებმა და ქართველმა ექსპერტებმა განიხილეს 2008-2009 წლებში საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების სხვადასხვა ასპექტები და წარმოადგინეს შედეგები ანგარიშისა, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” შიდა პროექტის “საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულება და სამოქალაქო ჩართულობა – ჩრდილოვანი ანგარიში” ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტი 2009 წლის შემოდგომაზე, სამოქალაქო სექტორის ინტერვიუებსა და კონსულტაციებზე დაყრდნობით მომზადდა. იგი ძირითადად ეხება მედიის საკითხებს, საპარლამენტო ზედამხედველობას უსაფრთხოებაზე და ეკონომიკურ განვითარებას.
ბრიუსელში გამართული შეხვედრის მიზანი იყო, ერთის მხრივ, საქართველოს მხრიდან ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ვალდებულებების შესრულებისაკენ პროგრესული წინსვლა, ხოლო მეორეს მხრივ, პრობლემური ასპექტების წარმოჩენა და არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული განვითარების წინაშე 2010 წლისთვის წამოჭრილი გამოწვევების გაანალიზება.
შეხვედრების მონაწილეებმა მნიშვნელოვნად შეაფასეს ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უფრო მეტად გაღრმავების საჭიროება აღნიშნეს.