საქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოსადმი მიმართვას ამ დროისთვის 46-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ მოაწერა ხელი

02.03.2012

წყარო: კამპანიის “ეს შენ გეხება” ვებგვერდი

2 მარტს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” კამპანიის – „ეს შენ გეხება” ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე არასამთავრობოებმა გამოაქვეყნეს მიმართვა, რომლითაც ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, წინასაარჩევნო ვითარების მონიტორინგის მიზნით, უმოკლეს ვადაში საქართველოში მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს კვალიფიციურ და მიუკერძოებელ მონიტორინგს არა მხოლოდ ორთვიან წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში.

საქართველოს ხელისუფლებისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისადმი (ODIHR) დღეს გავრცელებულ მიმართვას ამ დროისთვის 46-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ მოაწერა ხელი.

კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები, აგრეთვე, მიმართავენ ეუთო-ს გენერალურ მდივანსა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR), რათა მათ საქართველოში მოავლინონ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რაც ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.

8 მარტამდე ორივე დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის და იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც დღეს მიმართვაზე ხელმოწერა ვერ მოახერხეს, მისი დაფიქსირება მომდევნო 6 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

მიმართვები ინგლისურ და ქართულ ენაზე ნახეთ აქ.