საქველმოქმედო კონცერტი ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული ჰოსპისის დასახმარებლად

10.11.2011


ჯაზის საქველმოქმედო კონცერტი ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული ჰოსპისის დასახმარებლად.

თამაზ (თათუზა) ყურაშვილი და მისი ბენდი, სოლისტები: ვაჟა მანია და მარიკო ებრალიძე.

16 ნოემბერი, ოთხშაბათი, 21:00 საათი, რუსთაველის თეატრი.

2011 წლის შემოდგომაზე, ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით დაიწყო კამპანია “ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე”. პროექტს ახორციელებს C და B ჰეპატიტის პაციენტთა გაერთიანება.

კამპანიის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც ყველა მოქალაქეს მიუწვდება ხელი ტკივილის შემამსუბუქებელ ეფექტურ და თანამედროვე საშუალებებზე. ამ კამპანიის ფარგლებში საუბარია არა მხოლოდ ქრონიკული დაავადებებით გამოწვეულ ტკივილზე, არამედ ტკივილზე, რომელიც შეიძლება თან ახლდეს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებას.

ტკივილის მართვის პრაქტიკა საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული. ერთერთი სფერო, სადაც ტკივილის მართვის სტანდარტები ყველაზე ეფექტურად და კომპეტენტურად გამოიყენება პალიატიური მზრუნველობაა. იგი გულისხმობს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ტკივილის შემსუბუქებას, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სხვა სახის დახმარებებს. ასეთი უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად ფერისცვალების დედათა მონასტერში არსებობს მოწყალების სახლი, იგივე ჰოსპისი, სადაც მონაზონი დედები სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე მყოფ პაციენტებზე ზრუნავენ. ეს ჰოსპისი გრანტებზე და სხვადასხვა სახის შემოწირულობებზეა დამოკიდებული. 

ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული ჰოსპისის დასახმარებლად კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საქველმოქმედო საღამო. ამ ინიციატივას შეუერთდნენ რუსთაველის თეატრი, ცნობილი ჯაზის მუსიკოსი თამაზ (თათუზა) ყურაშვილი და მისი ბენდი, სოლისტები ვაჟა მანია და მარიკო ებრალიძე, რომლებიც 16 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, რუსთაველის თეატრში გამართავენ ჯაზის საქველმოქმედო კონცერტს. შემოსული თანხა გადაერიცხება ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისს, რითიც მოხდება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტებისა და მოვლისთვის საჭირო სხვა საშუალებების შეძენა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის თეატრში. ბილეთის ფასია 10-დან 50 ლარამდე.

კონცერტისა და კამპანიის “ვიცხოვროთ ტკივილის გარეშე” შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.tkivilisgareshe.ge

 

ნახეთ კონცერტის სატელევიზიო ანონსი: