საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა – OPENDATA.ge შედეგებს წარმოადგენს

11.04.2012

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის – www.opendata.ge”-ს შედეგები წარმოადგინა.

პრეზენტაციაზე დასახელდნენ ყველაზე ანგარიშვალდებული და ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები. დაჯილდოვდნენ ის სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად უზრუნყველყოფენ საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნებას. ყველაზე დახურულ საჯარო უწყებად თავდაცვის სამინისტრო გამოცხადდა, რისთვისაც სპეციალური პრიზი-ბოქლომდადებული სერთიფიკატი მიიღო.

“ჩვენი მიზანი არ არის, რომ ვამხილოთ ყველაზე დახურული უწყება. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლოს- მოიძიოს ინფორმაცია, რისი ცოდნის უფლებაც აქვს, იქნება ეს სახელმწიფო მოხელეების ხელფასი, დარიცხული პრემია, საწვავზე დახარჯული თანხა თუ სხვა. გარდა ამისა, გვინდა დავნერგოთ საჯარო ინფორმაციის სათანადო ფორმით და შესაბამის ვადებში გამოქვეყნების კულტურა სახელმწიფო უწყებებში. იმედი გვაქვს, რომ ის უწყებები, რომლებიც ყველაზე გახსნილად გამოვაცხადეთ, მომავალ წელსაც ისევე ეფექტურად ითანამშრომლებენ ჩვენთან, როგორც აქამდე. თავდაცვის სამინისტროს სერთიფიკატი კი გასაღებიანი სერთიფიკატით შეიცვლება, რაც გახსნილობის სიმბოლოა”- ამბობს ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელი. 

ამავე ღონისძიებაზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა  წარმოადგინა ახალი პუბლიკაცია „ინფორმაციის თავისუფლება – გზამკვლევი”.

გზამკვლევი ეფუძნება ინსტიტუტის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკას. კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ნაშრომი რეალურად ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას და სრულ წარმოდგენას უქმნის მკითხველს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, წიგნი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ. პუბლიკაციაში განმარტებულია საჯარო ინფორმაციის არსი და მოქალაქეების უფლებები საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით.

გზამკვლევის მიზანია, დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო თეორიული ცოდნა და დაეხმაროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების მართებულ გაგებაში და გამოყენებაში.

###

www.OPENDATA.ge 2010 წლის 16 დეკემბერს გაიხსნა. ეს არის საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსებულია ინფორმაცია სამინისტროების ბიუჯეტების და სარეზერვო ფონდების, სამინისტროების მიხედვით სახელფასო ფონდების, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა პრემიების შესახებ. ვებგვერდზე განთავსებული მასალა ეყრდნობა თავად სამინისტროების და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ოფიციალურად მოწოდებულ ინფორმაციას.