24 მაისს, შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ქ. თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდნენ. ირაკლი ალასანიამ, გოგი თოფაძემ და გიორგი ჭანტურიამ წინასაარჩევნო პროგრამები წარმოადგინეს და სტუნდეტებისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიება ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დაფინანსებული, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით” ფარგლებში მოეწყო.
პროექტის თანახმად ჩატარებული გამოკითხვის შედეგად – “მერობის რომელ კანდიდატთან ისურვებდით შეხვედრას” სტუდენტების ხმათა უმრავლესობა მიიღო ოთხმა კანდიდატმა- გიგი უგულავამ, ირაკლი ალასანიამ, გიორგი ჭანტურიამ და გოგი თოფაძემ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა უცხოელ ექსპერტებთან. მოწვეულნი იყვნენ ლიტვის, ლატვიის, უკრაინის წამყვანი ექპერტები რომლებმაც სტუდენტებისთვის წაიკითხეს საჯარო ლექციები თავიანთი ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით – თემაზე “ადგილობრივი არჩევნები და მისი თავისებურებები”.
პროექტის პარტნიორები არიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, “შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი.”