სტუდია ,,მონიტორის’’ მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია

15 აპრ, 2011

პარასკევს, 15 აპრილს, 17:00 საათზე  ფონდ ,,ღია საზოგადოება-საქართველოს” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდია ,,მონიტორის” მორიგი ჟურნალისტური გამოძიების პრეზენტაცია.

ფილმში მოთხრობილია იმ მესაკუთრეების ისტორია, რომლებმაც წყნეთის ტერიტორიაზე თავიანთი ძვირადღირებული ქონება მიატოვეს. ქონების ყოფილი მფლობელები ყვებიან, თუ როგორ აიძულა ისინი პროკურატურამ უარი ეთქვათ საკუთრებაზე, რის შემდეგაც მათი ქონება სახელმწიფოს საკუთრება გახდა.

წყნეთში მიტოვებული ქონების ყოფილი მესაკუთრეების ერთ ნაწილს მიწის ნაკვეთები 90-იან წლებში ჰქონდა მიღებული, მეორე ნაწილს უძრავ ქონებაში სოლიდური თანხები აქვს გადახდილი და ისინი კეთილსინდისიერ შემძენებად ითვლებიან,  მესამე ნაწილს მიწის ნაკვეთები დაახლოებით 2 წლის წინ სახელმწიფომ თავად დაუკანონა. იურისტების თქმით, ყველა ზემოჩამოთვლილ შემთხვევაში სახელმწიფოს კანონიერი გზით მიწის ჩამორთმევა გაუძნელდებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, უკანასკნელ ორ წელიწადში  საკუთარი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ 1500-ზე მეტმა მესაკუთრემ მიატოვა.