ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივის ფარგლებში 3, 4, 5 დეკემბერს ჩატარდა ტრეინინგი ჟურნალისტებისთვის ჯანდაცვის საკითხებზე. ტრეინინგს უძღვებოდნენ ჯანდაცვის ექსპერტები ირაკლი სასანია, დავით გზირიშვილი და სოფიო ლებანიძე.
აღნიშნული ტრეინინგი ოქტომბრის თვეში ჩატარებული სემინარის ”ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები” მეორე ეტაპს წარმოადგენდა. ტრეინინგის პირველი ეტაპი მოდელირებული ინტერვიუების, სხვადასხვა კაზუსების განხილვის ფორმით წარიმართა და აქცენტი გაკეთდა ჯანმრთელობის საკითხების გაშუქების სპეციალურ ხერხებზე, დაზღვევის, ჰოსპიტალური რეფორმის, პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის უფლებებსა და სამედიცინო ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მონაწილეთა მოთხოვნისა და გამოხატული ინტერესების საფუძველზე, პირველ ეტაპზე წარმოდგენილი საკითხები, სხვა ახალ თემებთან ერთად, ამჯერად ჩაღრმავებულად იქნა განხილული: ჯანდაცვის სისტემა 2007 წლამდე და მანამდე განხორციელებული ცვლილებები, სამედიცინო მომსახურების მიწოდების რეფორმა დაფინანსების, სარგებლისა და ადმინისტრირების კუთხით, სადაზღვევო პროგრამების განვითარება, და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები ჯანდაცვის სისტემაში, სამედიცინო შეცდომის განსაზღვრება და ტიპები, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზი ეკონომიკური კუთხით, სახელმწიფოს როლი ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის პოლიტიკა და ა.შ.
აღნიშნული ტრეინინგი ჟურნალისტებს დაეხმარება მოამზადონ მაღალ პროფესიონალური, ცოდნაზე დაფუძნებული მასალა და სანდო ინფორმაცია მიაწოდონ მკითხველს. ”პროფესიული განათლებისთვის გამოცდილების გარდა კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი არსებობს- უნდა იცოდე ბევრი იმ სფეროების შესახებ, რომელზეც მუშაობ და შეხება ყოველდღიურად გიწევს. როდესაც შენ ხარ ჟურნალისტი და არ იცი რა ხდება შენს ქვეყანაში რომელიმე კონკრეტული თემის ირგვლივ, ძნელია კარგი სტატია დაწერო და რთულია კარგი რეპორტაჟი მოამზადო. სემინარმა, რომელიც თქვენმა ფონდმა მე უკვე მეორედ ჩამიტარა, კონკრეტული ერთი სფეროს შესახებ ბევრი რამის გაგების საშუალება მომცა. უკვე ვიცი რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ როგორც მოქალაქემ კარგი მომსახურება მივიღო ჯანდაცვის კუთხით და რაც მთავარია ვიცი, როგორ მივაწოდო ინფორმაცია მაყურებელს, რომელმაც სახელმწიფოს საკუთარი უფლების და კუთვნილი მომსახურების მიღება უნდა მოსთხოვოს. ასეთ სემინარებზე ჩვენ ვიღებთ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც დროის უქონლობის გამო, სიუჟეტის მომზადებისას ვერ ვახერხებთ.”-ამბობს გიგლა თუმანიშვილი, ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის კორესპოდენტი.
რუსუდან ფანოზიშვილი, ჟურნალი ”ლიბერალი”: ”ძალიან კმაყოფილი ვარ სემინარით. მივიღე ისეთი ინფორმაცია, რომელის დამოუკიდებლად შეგროვებას თვეები დასჭირდებოდა. ყველაზე პრობლემური-კონტაქტები და კომპეტენტური ადამიანები- მნიშვნელოვანი კომპონენტია. ვიცი, რომ მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ამ ადამიანებთან მომავალშიც შემიძლია ვითანამშრომლო. მივიღე პასუხები კითხვებზე, რაც პირადად ძალიან მაინტერესებდა: ჯანდაცვის სისტემა და მოდელების მიმოხილვა საქართველოში. კარგი იქნება, თუ ასეთი ტრენინგები სხვა სფეროებშიც იქნება.”
ეკა ჭითანავა, ჟურნალი ”ლიბერალი”: ”ტრენინგი იყო ინფორმატიული. კარგია, რომ სიღრმისეულად განვიხილეთ თემები. თემები ბევრია, რომელზეც მივხვდი, რომ უნდა დავწეროთ. ამის გარდა, ზოგადად “კონტექსტზე” შემექმნა წარმოდგენა და რაც მთავარია, გავიაზრე მთლიანად სისტემა”.