25-27 ნოემბერს, ქ. ბათუმში, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” (კანონის, მედიისა და ჯანმრთელობის ინიციატივა) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანის უფლებები”.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ადვოკატებმა, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა და დასავლეთ საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა.
ტრენინგზე განხილული იყო ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა და საერთაშორისო კონვენციები; ჯანმრთელობის დაცვის საშუალებები, პოლიტიკა, და სისტემა; პაციენტისა და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელთა ძირითადი უფლებები და ექიმის პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური რეგულაციების მექანიზმები. ტრენინგს უძღვებოდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია და საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავაშვილი.
ტრენინგის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო 2011 წელს ფონდ “ღია საზოგადოება -საქართველოს” მიერ გამოცემული პრაქტიკული სახელმძღვანელოს „ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში” პოპულარიზაცია და სახელმძღვანელოში განხილული საკითხების იურისტებისთვის გაცნობა.