ტრენინგი თემაზე: ბავშვზე ზრუნვა, სამართალწარმოება და არსებული კანონმდებლობა

26.12.2011

9-11 დეკემბერს, კახეთში, ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” საქართველოს „სოციალური მომსახურების სააგენტოსთან” თანამშრომლობით ჩაატარა ტრეინინგი სოციალური მომსახურების სააგენტოს იურისტებისათვის “ბავშვზე ზრუნვა, სამართალწარმოება და არსებული კანონმდებლობა”.

ორი დღის განმავლობაში 34 იურისტს  (სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალური ოფისის და რეგიონალური ოფისების იურისტები) მიეცათ შესაძლებლობა ინტერაქტიულ რეჟიმში მოსამართლეებთან ერთად ემსჯელათ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: შვილად აყვანა და გაშვილება, საქართველოში სოციალური დაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, დეინსტიტუციონალიზაცია, სამართალწარმოება და სხვა.

ტრეინინგს უძღვებოდნენ საქართველოს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ი. თოდუა და საქართველოს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლ. კალანდაძე.

„თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ ეს სემინარი ერთერთი გამორჩეული  შეხვედრაა, რომელსაც „აღმოჩენის” ეფექტი ჰქონდა. კერძოდ, მონაწილეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ სამართალმცოდნეობის დარგის თანამედროვე პრინციპებს. დავრწუნდით, რომ აღნიშნული ახლებური ხედვა ადეკვატურად გამოხატავს არსებულ რეალობას და მიღებული ცოდნა გამოყენებული იქნება პრაქტიკულ საქმიანობაში. განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ სემინარის თემატიკა შეიცავდა სამართლის იმ ძირეულ საკითხებს, რომელსაც იურისტის კვალიფიკაციის მქონე პირებისათვის აქვს უმნიშვნელოვანესი დატვირთვა. ამასთანავე, შესაძლებელია ითქვას, რომ სემინარის მონაწილეთათვის გადაცემული ინფორმაცია წარმოადგენდა სასიამოვნო სიახლეს და გამოიწვია საერთო აღფრთოვანება. სემინარის შემდგომი თავისუფალი დრო ეთმობოდა ცალკეულ იურიდიულ საკითხებზე მსჯელობას. ასევე, მოსამართლეებთან შეხვედრა გამოყენებული იქნა რიგი რთული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტისათვის.

ხაზგასასმელია, რომ ნაყოფიერი მსჯელობა გაიმართა სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების, პირთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და სხვა იმ მომიჯნავე თემებზე, რომელიც მოცემული მომენტისათვის არის ყველაზე მეტად აქტუალური, როგორც სასამართლო სისტემისათვის, ისე, სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის” – აღნიშნა ბიძინა ხარაზიშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სასამართლო საქმის წარმოების სამმართველოს უფროსმა.