“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და “გლობალურმა ინიციატივამ ფსიქიატრიაში”, 5-7 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე “ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები”. ინიციატივა ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებისთვის განხორციელდა.
ტრენინგს ოცდაერთი ექიმი დაესწრო. თემატიკა ძირითად შეეხებოდა ადამიანის უფლებების დაცვას ჯანდაცვის კუთხით. კერძოდ, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგი მასალების მეშვეობით- ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, სტამბოლის პროტოკოლი, საქართველოს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ, საქართველოს კანონი პატიმრობის შესახებ, პატიმრობის კოდექსი, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ზოგადი კომენტარი პენიტენციურ დაწესებულებებში მკურნალობასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. განხილულ იქნა ასევე ღია საზოგადოების ინსტიტუტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის 2 სახელმძღვანელო: ადამიანის უფლებები პაციენტზე მზრუნველობაში და ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები.