15 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა ივანიშვილის ხელისუფლებას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, რომელიც უვიზო რეჟიმის პირობების გადახედვის შესაძლებლობას ეხება. წერილი ასახავს ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში არსებული მდგომარეობის – დემოკრატიული უკუსვლის, სამართლებრივი სტანდარტების დარღვევისა და ევროპული ღირებულებების უგულებელყოფის გამო.
ჩვენ, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმიანებით ევროკავშირის მიერ დასმულ სამართლიან კითხვებს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ:
მივიჩნევთ, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი გაფრთხილება სიგნალია როგორც ივანიშვილის მთავრობის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის: ჩვენთვის ცხადია, რომ ევროპული ოჯახი არ შეეგუება დემოკრატიული ფასეულობების იგნორირებას. ეს არის ბოლო გაფრთხილება იმ დესტრუქციული კურსის შესაცვლელად, რომელიც ევროპისგან გვაშორებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა, რჩება საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევ მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ფასეულობებისთვის, რომლებიც ევროპასთან გვაკავშირებს არა მხოლოდ დოკუმენტურად, არამედ არსობრივად — თავისუფლების, ღირსებისა და კანონის უზენაესობის საფუძველზე.
მოვუწოდებთ ივანიშვილს შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული არჩევნისა და საქართველოს კონსტიტუციის საბოტაჟი.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.