უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადება 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოძიების აუცილებლობის შესახებ

28 მაი, 2011

დღევანდელი მონაცემებით 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრული, ობიექტური, მიუკერძოებელი, დროული და ეფექტური გამოძიების საჭიროებას ადამიანის უფლებებისა და კანონის დარღვევის ფაქტებზე. მიუხედავად არსებული სამართლებრივი საფუძვლისა და ხელისუფლების მიერ აქციის დაშლის შესახებ წინასწარ გაკეთებული გაფრთხილებისა, 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციულ ხასიათს ატარებდა. მედიასაშუალებებით გავრცელებული მასალა ცხადყოფს, რომ სამართალდამცავების მხრიდან ხდებოდა ძალის გადამეტება მაშინაც კი, როცა აქციის მონაწილენი წინააღმდეგობას არ ან ვერ უწევდნენ მათ. ყოველგვარ სამართლებრივ და მიზანშეწონილობის საფუძველს მოკლებულია აქციის დაშლის შემდგომ შენობებს შეფარებული თუ გაქცეული მოქალაქეების მიზანმიმართული დევნა და ფიზიკური ანგარიშსწორება.

დასაგმობია, როგორც აქციის მონაწილეთა, ისე სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტთა საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლა, აპარატურის დაზიანება და ჟურნალისტთა ფიზიკური, თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია აქციის რამდენიმე მონაწილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გატაცებისა და დაკავებულთა მიმართ სასტიკად მოპყრობის შესახებ.
აღსანიშნავია ისიც, რომ აქციის დაშლიდან 48 საათის განმავლობაში უცნობი იყო დაკავებულ პირთა სია, მათ დიდ ნაწილს დროულად არ მიეცა ოჯახთან დაკავშირების, სამედიცინო დახმარების თუ ექსპერტიზის, იურიდიული დახმარების მიღების კანონიერი შესაძლებლობა. ათეულობით ადამიანის ადგილსამყოფელი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

აქციის დაშლის დროს მომხდარ ტრაგედიაზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აქციის ორგანიზატორებს, ისე სამართალდამცავებს, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ უზრუნველყო მოქალაქეთა შესაბამისი უსაფრთხოება. ჩვენი აზრით, აქციის ორგანიზატორები და პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან დაიცვან კანონი და მშვიდობიანად წარმართონ აქცია.
თავის მხრივ, ტრაგედიის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით სამართალდამცავ ორგანოებს მოგვიანებით გამოქვეყნებული ოპერატიული მასალა დროულად უნდა გაესაჯაროებინათ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს:

– უზრუნველყონ ყველა დაკავებული პირი სამედიცინო დახმარებით, ოჯახთან დაკავშირებისა და დაცვის კანონით გარანტირებული უფლებით;
– გამოცხადდეს ძებნა გაუჩინარებულ მოქალაქეებზე;
– სრული, ეფექტური, მიუკერძოებელი და დროული გამოძიება წარიმართოს აქციის დაშლის დროს არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებზე და დადგეს დამნაშავე პირთა  პასუხისმგებლობის საკითხი;
– გამოძიებულ იქნას ჟურნალისტთა საქმიანობისთვის განზრახ ხელის შეშლის, მათთვის ფიზიკური თუ მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტები;
– დაიწყოს ეფექტური, მიუკერძოებლი და დროული გამოძიება აქციის დაშლის დროს სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე;
– საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა მიეცეს სახალხო დამცველს და უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოძიების შედეგები საჯარო გახდეს საზოგადოებისთვის.

ხელისწმომწერნი:
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საზოგადოებრივი დამცველი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საკონტაქტო პირი:
ანა ტოკლიკიშვილი
ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”
ტელ: +995 95 221 999
ელ.ფოსტა:
www.csf.ge