ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო გიწვევთ თანამედროვე ხელოვნების კურატორების სემინარზე 2011 წლის 4-5 ნოემბერი, თბილისი 7 ნოემბერი, ბათუმი

9 ნოე, 2011

პროექტის მიზანია თანამედროვე ხელოვნების კურატორების შესაძლებლობების გაძლიერება და საკურატორო სასწავლო პროგრამების შექმნის ხელშეწყობა.

სემინარების ფარგლებში დაგეგმილია კურატორისა და ხელოვნებათმცოდნის ძირითადი ფუნქციებისა და მოვალეობების მიმოხილვა, თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილებით.  სემინარები ხელს შეუწყობს დისკუსიებს და იდეების გაცვლას თანამედროვე ხელოვნების კურატორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ამ მიმართულებით აკადემიურ დისკურსს შექმნის.

უკანასკნელ წლებში მსოფლიოში თანამედროვე ხელოვნების  ბიენალეებისა და კულტურის “ფესტივალიზაციის”  ტენდეციები  გაჩნდა.  თანამედროვე გამოფენა მუდმივად იცვლება, იქმნება ახალი სტრატეგიები, სადაც ახალ მედია საშუალებებსა და ინოვაციურ საგამოფენო სტრუქტურებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია. დღეს  გამოფენაზე მუშაობის დროს კურატორები უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ მხატვრებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან და განათლების სპეციალისტებთან საჯარო სივრცეში პროექტების განხორციელების, სამუზეუმო სივრცის დიზაინის, თუ კოლექციების პრეზენტაციის დროს. ამ ახალი ტენდეციების გაჩენამ კურატორის როლი  მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც თავის მხრივ მსოფლიოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში კურატორული სასწავლო პროგრამების შექმნა მოიტანა შედეგად.

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო აცნობიერებს კურატორის მზარდ როლს თანამედროვე ხელოვნებაში, ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული სასწავლო პროგრამების ნაკლებობას და სემინარების სერიით ხელს უწყობს კურატორული პროფესიის განვითარებას.

პირველ სემინარზე განიხილება თანამედროვე გამოფენის შექმნასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ კრიტიკულად შეაფასონ თავიანთი კურატორული სამუშაო. პროგრამის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორისაა:

  • ხელოვნების მუზეუმებისა და გალერეების როლი და მათი დანიშნულება XXI საუკუნეში;
  • სახელოვნებო ბაზრის ფუნქციონირება და კურატორის როლი;
  • ხელოვნების ნიმუშების პრეზენტაციის ინოვაციური მეთოდები;
  • ინტერდისციპლინარული თანამშრომლობა;
  • რეგიონში თანამედროვე ხელოვნების ინფრასტრუქტურის შეფასება;
  • კურატორობა პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში.

სემინარს გაუძღვება ბერალ მადრა, სტამბულის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მომავლის კულტურის და ხელოვნების ფონდის ერთერთი დამფუძნებელი, ხელოვნებათმცოდნე და დამოუკიდებელი კურატორი.  მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორისაა 1990-2005 წლებში ვენეციის ბიენალეებზე თურქეთის პავილიონები, სტამბულის პირველი და მეორე ბიენალეები, თანამედროვე ხელოვნების გამოფენები როგორც სტამბულში, ისე ევროპის სხვადახვა ქვეყანაში. იგი არის ავტორი და თანაავტორი შემდეგი პუბლიკაციების: “თანამედროვე ხელოვნების დეკადა სტამბულში” (Literatür Yayınevi, Istanbul, 1996); “ხელოვნების კრიტიკა და კურატორული პრაქტიკა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ” (AICA Turkey Publication, 2004); “მეზობლებს შორის დიალოგი” (ed: Beral Madra / Ayse Orhun Gültekin) (Norgunk Publications, 2005). 1998-2002 წლებში ბერალ მადრა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში (Yildiz Technical University) კითხულობდა ლექციებს ხელოვნების მენეჯმეტის დეპარტამენტზე, ხოლო 2005-2006 წლებში იედიტეპეს უნივერსიტეტში (Yeditepe University) ასევე ხელოვნების მენეჯმენტის დეპარტამენტზე.

ბერალ მადრასთან ერთად სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს თურქი მხატვარი ჰაკან გურსოითრექი, რომელიც ამავე დროს ასწავლის მიმარ სინანის ხელოვნების უნივერსიტეტში (Mimar Sinan Fine Arts University).

      მონაწილეთა შერჩევა: სემინარებისთვის შეირჩევა მაქსიმუმ 50 მონაწილე. მათ შორის თანამედროვე ხელოვნების კურატორები, მუზეუმის თანამშრომლები, ხელოვნებათმცოდნეები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და მასწავლებლები. სასურველია ინგლისური ენის ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინონ თავიანთი რეზიუმე და მოტივაციის წერილი 2011 წლის 15 ოქტომბრამდე  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  

საკონტაქტო პირი: ანი რიაბოშენკო, ხელოვნებისა და კულტურის ქსელური პროგრამის კოორდინატორი

ელ.ფოსტა:  

ტელეფონი: 225 04 63

მობილური 599 25 13 93.

მისამართი: ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, ჭოველიძის (ყოფილი ბელინსკის) 10.