ფონდი ”ღია საზოგადოება – საქართველო” გილოცავთ ქალთა საეთაშორისო დღეს! …

25.01.2010

ქალთა საერთაშორისო დღე

(ვიკიპედიიდან)

ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება. ეს არის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის შემდეგ აღინიშნა.

ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი, რომელმაც მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი, იყო “ტრაიენგლ შირტუეისტ” (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა.

წარმოშობის ისტორია

იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მასობრივი პროტესტები გამოიწვია მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა. ორი წლის შემდეგ იმავე თვეს სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.

მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები მოჰყვა. 1908 წლეს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ქალები მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობას აწყობენ 1913 წლის 8 მარტს.

1917 წლის რუსეთის რევოლუციის გამომწვევი პირველი ნაპერწკალი ქალთა საერთაშორისო დღისადმი სოლიდარობის მიზნით გამოსული დემონსტრაციები გახდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკი ფემინისტი ალექსანდრა კოლონტაი იყოლიებს ლენინს რათა ეს დღე ოფიციალური დღესასწაული გახდეს, თუმცა 1965 წლამდე ის მაინც სამუშაო დღედ ითვლებოდა. 1965 წლის 8 მაისს სსრკ-ის უზანაესი საბჭოს პრეზიდიუმი ბრძანებულებით ქალთა საერთაშორისო დღე უქმე დღედ გამოცხადდა “საბჭოთა ქალთა კომუნისტურ აღმშენებლობაში, დიდ სამამულო ომში საბშობლოს დაცვის, ფრონტისა და უკანა ხაზებზე ჰეროიზმის, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში უდიდესი დამსახურებისთვის”.

8 მარტი დღეს

ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან ასოციაციის გამო მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.

2005 წელს ბრიტანეთის პროფკავშირების გაერთიანების კონგრესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი რეზოლუციას ბრიტანეთში ქალთა საერთაშორის დღის სახალხო დღესასწაულად გამოცხადებას.

ამჟამად ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობები მსოფლიოს გარშემო ყოველწლიურად 8 მარტს მრავალ ღონისძიებას ატარებენ. ქალთა გლობალური ასოციაციის “ავრორა” ვებგვერდზე შესაძლებელია ადგილობრივ ღონისძიებათა დარეგისტრირება, რაც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში ლოკალური მოვლენების გლობალურად გაშუქებას უწყობს ხელს. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობა და ორგანიზაცია უჭერს მხარს ქალთა საერთაშორისო დღეს და მისდამი ინტერესი დღითიდღე იზრდება.