საქართველოს საკითხზე გადაუდებელი დისკუსიის გამართვის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი. აღნიშნული დისკუსია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიიის ფარგლებში გაიმართა. სესიას ესწრებოდნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებიც მართავდნენ შეხვედრებს ევროსაბჭოს ორგანოს წარმომადგენლებთან საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემური და მასობრივი დარღვევების საპასუხოდ.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსეს, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ თეოდორუს რუსოპოლუს, ადამიანის უფლებების კომისარ მაიკლ ოფლაჰერტის, ვენეციის კომისიის გენერალურ მდივან სიმონა გრანატა მენგინის, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის დირექტორ კლაუდია ლუკიანის, ევროსაბჭოში აკრედიტირებულ ელჩებსა და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ადამიანის უფლებების მასობრივი და სისტემური დარღვევების საპასუხოდ, საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, საქართველოს წინააღმდეგ დაიწყონ სახელმწიფოთაშორისო დავა ევროსასამართლოში. ასამბლეამ გენერალურ მდივანს მოუწოდა, საქართველოს მოთხოვოს წერილობითი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების გამო. ორივე აღნიშნული კომპეტენცია ევროსაბჭოს ისტორიაში ერთეულ შემთხვევებშია გამოყენებული და მათი ამოქმედების მოწოდება კარგად ადასტურებს საქართველოში არსებულ რთულ მდგომაროებას.
ასამბლეამ განსაკუთრებულად კრიტიკულად შეაფასა სამოქალაქო საზოგადოების განადგურების მცდელობა. მოქმედი კანონები, ცალ-ცალკე და კუმულაციურად, შეფასდა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგზისტენციალური საფრთხე. განსაკუთრებულად კრიტიკულად აღინიშნა სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა და რამდენიმე სხვა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის დაყადაღება როგორც ორგანიზაციების განადგურებისა და დე ფაქტო ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული ქმედებები.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მკაფიოდ იქნა მოთხოვნილი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება, კრიტიკულად შეფასდა სამართლიანი საარჩევნო გარემოს არარსებობა, საჯარო მოხელეების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება და წამების შემთხვევების გამოუძიებლობა. ასევე, მკაცრად იქნა დაგმობილი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის გეგმა, რაც ასამბლეის მიერ ერთპარტიული დიქტატურის დამყარების მცდელობად შეფასდა.
საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან დიალოგს დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ განიხილავს. პარალელურად, საქართველოს საკითხზე მომხსენებლების საქართველოში ვიზიტი უახლოესი მომავალისთვის დაანონსდა.
საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით Cookie ჩანაწერების გამოყენებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა.