ზურა გომელაური, “ბროწეულები”
1- 8 მაისი, 2012
გამოფენის გახსნა: 1 მაისი, 18:00საათი
ღია გალერეა, ჭოველიძის ქ. 10
,,ღია გალერეა” წარმოგიდგენთ ზურა გომელაურის პერსონალურ გამოფენას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ზურას ნამუშევრები კერძო კოლექციიდან. ზურას პერსონალური გამოფენები 1988 წლიდან ეწყობა. იგი მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში საქართველოსა და ევროპაში.
ზურა გომელაურის გახუნებულ, თბილ ტონებში შესრულებულ ფერწერულ ტილოებს ზღაპრულ სამყაროში გადავყავართ. აქ ვხვდებით მითოლოგიურ სიმბოლოებს, ქართული ზღაპრების პერსონაჟებს და ორნამენტებს.
ზურას თვითმყოფად გამომსახველობით ფორმაში ოსტატურად ერწყმის თანამედროვე ფერწერული ენა და არქაული ნიშნები.
ვიზუალური მეტაფორებით დახუნძლულ ტილოებზე ნახავთ თევზს, ვეფხვს, ირემს, სიცოცხლის ჩიტს, ხარს (წიქარას), ბროწეულის ხეს. ბროწეულის ხის ნაყოფი კი თითქმის ყველა ნახატზეა… ეს ელემენტები სიცოცხლის არსის, ნაყოფიერების, სიკეთის, გამრავლების სიმბოლოებია.
ერთი შეხედვით მარტივად შესრულებული, მაგრამ ამავე დროს ღრმა არსის მქონე ნამუშევრები ჰარმონიულ განწყობას უქმნის დამთვალიერებელს.