კოალიციის “გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის” ფარგლებში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი 11 დეკემბერს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეკრებილ საზოგადოებას წარედგინა. ანგარიში მონიტორინგის შედეგად მომზადებული მეოთხე დოკუმენტია.
2006 წლის იანვრიდან “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი” ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან” თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის საზოგადოებრივი მონიტორინგი”.
ანგარიშში ასახულია მონიტორინგის შედეგები 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2009 წლის 1 ოქტომბრამდე. დეტალურად მიმოხილულია “ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის” ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა, 2008 წლის ნოემბერში დამატებით გამოყოფილი 100 მილიონი აშშ დოლარის ათვისების პროცესი, პროგრამების მიხედვით თანხების ათვისების დინამიკა, პროგრამის განხორციელების პერიოდში წარმოშობილი დაბრკოლებები და მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობა.
მონიტორინგის პერიოდში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის დიზაინმა მკვეთრი ცვლილება განიცადა. ცვლილებები შესულია როგორც მთლიანი პროგრამის დიზაინში, ისე, შესაბამისად _ ცალკეული პროექტების სტრუქტურაში. დიზაინის მუდმივი ცვლილება განპირობებული გახლდათ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შექმნილი პრობლემებით, მენეჯმენტის მიერ დამატებითი დაფინანსების მიღებისთვის გაკეთებულ წინასწარ შეფასებებში ცდომილებებით და სხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით. ანგარიშში დეტალურად არის მიმოხილული ამ ცვლილებების მიზეზები, შინაარსი და შედეგები.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა” შეიმუშავა რეკომენდაციები, რათა აღმოიფხვრას პროგრამის განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, რაც საბოლოო ჯამში უფრო ეფექტურს და ნაყოფიერს გახდის პროგრამის განხორციელებას საქართველოში.
პრეს-კონფერენციის დღის წესრიგი და პრეს-რელიზი
(ჩამოტვირთეთ)
თამარ ქალდანი
ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამა