2008 წლის 11-12 აპრილს აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის (AFP) მონაწილე ორმოცდაათამდე ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერი რეგიონთაშორის კონფერენციაზე შეიკრიბა, რომელიც უნივერსიტეტებში სამართლისა და ეკონომიკის სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნა. კონფერენციას მასპინძლობდა ღია საზოგადოების ინსტიტუტის აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის სამხრეთ კავკასიის ოფისი.
ეს კონფერენცია წარმოადგენდა AFP-ის ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელიც რეგიონული ოფისების მიერ ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ შესაბამის სფეროში მოღვაწე მეცნიერები იმ რეგიონებიდან, სადაც აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა ხორციელდება. მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, აკადემიური წლის განმავლობაში განხორციელებული მუშაობის შედეგები გააცნონ ფართო აუდიტორიას, მიიღონ რჩევები და კომენტარები იმავე სფეროში მოღვაწე გამოცდილი მეცნიერებისაგან. ეს ღონისძიება ასევე საშუალებას აძლევს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლებს უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახონ.
თბილისის კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ სამართლისა და ეკონომიკის სფეროში მოღვაწე როგორც ახალგაზრდა მეცნიერები, ასევე გამოცდილი პროფესორები შემდეგი ქვეყნებიდან: ალბანეთი, აზერბაიჯანი, აშშ, გერმანია, კანადა, ისრაელი, იტალია, კოსოვო, მონგოლეთი, სომხეთი, საქართველო, სერბეთი, ტაჯიკეთი, უკრაინა, ყირგიზეთი.
აკადემიური წლის დასაწყისში ადგილობრივი მეცნიერები გაერთიანდნენ შესაბამისი დისციპლინის ჯგუფებში და წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები შეიმუშავეს. ეს პროექტები შემდგომ განთავსდა აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის ელექტრონულ რესურსზე _ “ვებფოლიო”-ზე. პროგრამის მონაწილე მეცნიერებმა ვებგვერდზე განთავსებულ პროექტებთან დაკავშირებით გააკეთეს კომენტარები და მასალების შემდგომი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით შეიმუშავეს რეკომენდაციები. კონფერენციის მონაწილეებმა აპრილის ღონისძიებაზე სწორედ ამ პირველადი განხილვის შედეგები და პროექტების განახლებული (შუალედური) ვერსიები წარმოადგინეს. კონფერენციის სესიებზე განხილვისას მიღებული დამატებითი კომენტარები და რჩევები ხელს შეუწყობს პროექტების საბოლოო სახით ჩამოყალიბებას.
როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით, ასევე გამოცდილების გაზიარების, დამატებითი სასარგებლო რჩევებისა და პროექტების შემდგომი სრულყოფისათვის. ამასთან, ახალგაზრდებს მიეცათ მოტივაცია პროექტების გაუმჯობესებისა და შემუშავებისათვის. ღონისძიება დაეხმარა მეცნიერებს, უკეთ გაცნობოდნენ საერთო პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზებს, აგრეთვე სწავლებასა და კველევების ჩატარებასთან დაკავშირებით გაემართათ დისკუსიები პრობლემურ საკითხებზე და მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანათ თავიან აკადემიურ პროექტებში მათი შემდგომი სრულყოფისათვის.
ხათუნა იოსელიანი
აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა